"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, სამართლიანი განაჩენის გამოტანის იმედი არა აქვს.
"არანაირი იმედი არ მაქვს, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება გამოტანილი. იმიტომ, რომ პოლიცია თქვენია, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია. მე რა უნდა გითხრათ?! რასაც პროკურატურა იტყვის, ის იქნება განაჩენი, მე ასე ვფიქრობ. თუ გინდათ უვადო გამოიტანეთ.
ცოტა ხნის წინ საშინელი ბრალდება წამიყენა ქალბატონმა მირანდამ, ბავშვების მკვლელებიო, მკვლელები ხართ თქვენ, ასეთ რაღაცებში თქვენ გედებათ ბრალი და ჩემკენ ძალიან გთხოვთ ნუ იშვერთ ხელს", - ასე მიმართა ესებუამ პროკურორ მირანდა წერეთელს, რომელმაც დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა, რომ ერთ-ერთ დაზარალებულს, რომელიც ბანკზე თავდასხმის დროს ორსულად იყო, მიღებული სტრესის შედეგად მუცელი მოეშალა.
ესებუას თქმით, ცრუ ბრალდებებისთვის ყველას პასუხი მოეთხოვება.
"ბევრი რამე მაქვს სათქმელი, საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი. 2 წელზე მეტია ეს ადამიანები გაიძახიან, რომ მე რაღაც საშინელებები ჩამიდენია და მაბრალებენ. ის თუ წამოსცდენიათ, თვითონ რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი?!
ჩემი ოჯახი ისე დაატერორეთ, ჩემი ძმა დააჭერინეთ, მამაჩემს დაარბენინებდით, ცხრაჯერ აქვს ინსულტი გადატანილი, ჩემს მოსაძებნად დაარბენინებდით. ჩემი მეორე ძმა, რძალი ბავშვებიანად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეთ. 5 თვის ბავშვი არ დაინდეთ თქვენ და თქვენ ვის დანაშაულზე ლაპარაკობთ? ეს არის უკვე პიკი, ასეთ ბრალდებას რომ ადამიანს უყენებთ. ყველამ იცის, რაც გაქვთ გაკეთებული და რასაც აკეთებს თქვენი სისტემა, პროკურატურა, პოლიცია და სასამართლო. ძალიან გთხოვთ, ასეთ ცრუ ბრალდებებს დაანებეთ თავი და თქვენს თავს მიხედეთ. ეს არის ზღვაში წვეთი რაც მაქვს სათქმელი ამათ დანაშაულებზე. ამაზე ყველას მოგიწევთ პასუხისგება და პასუხის გაცემა, რაც გაქვთ ჩადენილი, ამის პირობას მე გაძლევთ. თქვენ ხართ კანონს ამოფარებული, ბოროტმოქმედები", - განაცხადა ბადრი ესებუამ.
სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვით უკვე წარსდგა ბრალდებისა და დაცვის მხარეები. სულ მალე სასამართლო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: