ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილს ჰქონოდა კონსულტაციები ივანიშვილთან... მთავარია, რომ ეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა" - ექსპერტები გვარამიას შეწყალებასა და შეთქმულების თეორიებზე

"არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილს ჰქონოდა კონსულტაციები ივანიშვილთან... მთავარია, რომ ეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა" -  ექსპერტები გვარამიას შეწყალებასა და შეთქმულების თეორიებზე

22 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. მანამდე, 21 ივნისს, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესი ევროკავშირში გაწევრების გზაზე. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ მედიის პლურალიზმი აღმოჩნდა ის ერთადერთი რეკომენდაცია, რაზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი. ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ასევე, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპელი პოლიტიკოსები, რასაც "ტვიტერზე“ გამოქვეყნებული მათი პოსტები მოწმობს. ისინი პრეზიდენტს მადლობას უხდიან გამბედაობისთვის.

ნიკა გვარამიას შეწყალებას ქართული საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია ამ მოვლენას სამართლიანად, დადებითად და წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს ევროინტეგრაციის პროცესში.

"ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილი საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერთპიროვნულად კი არ მიიღო, არამედ ის ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, რომელმაც თავის მხრივ დასავლეთის ზეწოლით გადადგა ეს ნაბიჯი. მოკლედ, შეთქმულების თეორიებს საქართველოში კვლავაც დიდი გასავალი აქვს. ამასთანავე, პრეზიდენტს მოუწოდებენ იმავე ნაბიჯის გადადგმას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართაც. მმართველ გუნდში კი, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სიურპრიზი აღმოჩნდა, აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ პერსპექტივასთან და დეპოლარიზაციასთან. მეტიც, მას კანონდარღვევაში ადანაშაულებენ და შეწყალების აქტის მიღებას დასავლეთის ზეწოლით ხსნიან.

თენგიზ ფხალაძე, პოლიტოლოგი:

"ეს ცალსახად მნიშვნელოვანი აქტია და მისასალმებელია, რომ პრეზიდენტმა მისი დისკრეციული უფლება გამოიყენა. კონსპირაციების თეორიებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ზოგადად, ნიკა გვარამია რატომ იჯდა ციხეში, მე ესეც არ მესმის, ვერ გავიგე, რა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, იმდენად აბსურდულია ეს თემა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დანარჩენი, რა და როგორ განვითარდება, შევხედოთ მოვლენებს. ყველაზე მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს - წინ არის ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ჩიხიდან, რომელშიც ის დღეს არის და ვიაროთ ევროპული მიმართულებით. გვარამიას შეწყალება არის ერთ-ერთი გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესში გამომდინარე იქიდან, რომ მისი ციხეში ყოფნა იყო აბსურდი, ამაზე არაერთი შენიშვნა მიიღო სახელმწიფომ იმიტომ, რომ არ შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში და სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. ამიტომ ამ მიმართულებით ეს არის კარგი. თუმცა უამრავი რამ არის გასაკეთებელი და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემა არის გამოსაჯანსაღებელი. აქედან გამომდინარე, ამიტომაც ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია კონცენტრირება იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც შესასრულებელია და რომელზედაც გუშინ, კიდევ ერთხელ მიუთითა ევროკომისარმა“.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

"პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლება და ეს კარგია. აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია და რომელიც გაითვალისწინა პრეზიდენტმა:

ჩვენი პარტნიორები მიიჩნევდნენ, რომ გვარამიას პატიმრობა მოტივირებული იყო პოლიტიკით. მიუხედავად იმისა, რა ედო ამას საფუძვლად, ასეთი შთაბეჭდილება იყო შექმნილი და გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალობაც იყო ასეთი - ის ბრალდება, რაც მას წაუყენეს, იყო აბსურდული. გვარამია იყო ერთ-ერთი შემოქმედი რეპრესიული სისტემისა, რომელიც შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ და თუ საზოგადოებას მის მიმართ რაიმე პრობლემა აქვს, მას სწორედ ამ მიმართულებით აქვს. ამიტომ ეს იყო შეთითხნილი ბრალდება, რა მუხლითაც გვარამია გაასამართლეს, ამას მართლაც პოლიტიკური სარჩული ედო.

მეორე - თუ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, ეს საქმე აუცილებლად წავიდოდა სტრასბურგში და, დიდი ალბათობით, განსხვავებით სააკაშვილის საქმისა, იქიდან გვარამიასთვის დადებითი პასუხი მოვიდოდა. ასე რომ, თუ რეალურად და ობიექტურად შევხედავთ, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვისაც გამართლებული იყო და, თქვენ წარმოიდგინეთ, - "ქართული ოცნებისთვისაც“, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, "ოცნებას“ დაარტყამდა. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია მმართველი გუნდის აღშფოთება. ზოგადად, არ ველოდები, რომ გვარამიას გათავისუფლებით ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დრამატულად შეიცვლება. დღეს რომ საზოგადოების 2/3 ოპოზიციურად არის განწყობილი, ეს ფაქტია, ამას გამოკითხვები არ სჭირდება. გვარამიას თავი რომ დავანებოთ, სააკაშვილის გათავისუფლებას და პოლიტაქტივობასაც კი იგივე 2/3 არ მიემხრობა, ამიტომ თუნდაც ორივე ერთად ახალ რეალობას ვერ შექმნის. თუ შეიძლება ვინმემ გააცოცხლოს "ნაციონალური მოძრაობა“, ეს სწორედ "ოცნებაა“, სხვა არავინ.

მიუხედავად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერისა, არა მგონია, ზურაბიშვილმა სააკაშვილიც შეიწყალოს. ის არც მანამდე და მით უფრო, მას შემდეგ არ შეიწყალებს, რაც სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიშა მშვენიერ პირობებშია და არანაირ საზღვარგარეთ მკურნალობას არ საჭიროებს. სხვათა შორის, ამის ირიბი მტკიცებულება შეიძლება იყოს ის, რომ სააკაშვილი "გამოცოცხლდა“ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. აქტივობა რაიმეს მომტანი იქნება თუ არა, ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეს ირიბი მტკიცებულებაა იმისა, რომ სააკაშვილსაც არ ჯერა, რომ მას ამ მიმართულებით რაიმე გამოუვა, ამიტომ შეცვალა ტაქტიკა“.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული ყოფილიყო (ერთ-ერთი ვერსიის თანახმად), პოლიტოლოგი პასუხობს:

"არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნების“ ვიწრო წრემ წინასწარ იცოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ. რაც შეეხება იმას, რომ ზურაბიშვილმა დასავლეთის ზეწოლას ვერ გაუძლო, მე პირადად, მის ადგილას რომ ვიყო, იმაზეც კი ვიფიქრებდი, სააკაშვილი ხომ არ შემეწყალებინა და არა იმიტომ, რომ მის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ვთვლი, დღევანდელ პირობებში ჩვენთვის ევროინტეგრაცია უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, ვიდრე სააკაშვილის, გვარამიას, ან თუნდაც მთელი ენმ-ს ციხეში ყოფნა. აქ ზეწოლაზე არაა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პარტნიორები ჩვენ გვიყენებენ პირობას... მათაც ვჭირდებით, მაგრამ ჩვენთვის ევროინტეგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მივიღოთ უსაფრთხოების, სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის, კეთილდღეობის გარანტიები.

ჩვენ რომ ევროკავშირში ვიყოთ, ამდენი პრობლემა ხომ არ გვექნებოდა... რაც მთავარია, ევროკავშირში ჩვენს გადაწყვეტილებაზე და პოზიციაზე იქნება დამოკიდებული მაგალითად, გერმანიისა და საფრანგეთის - ამხელა ქვეყნების მიერ გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ იქ ხმის და ვეტოს უფლებით შევდივართ, ეს არ არის საბჭოთა კავშირი. არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილს ჰქონოდა კონსულტაციები ივანიშვილთან, შესაძლოა პრეზიდენტმა ის ჩააყენა საქმის კურსში (და არა - შეუთანხმდა). ეს სახელმწიფოა და პრეზიდენტმა ის თუ საქმის კურსში ჩააყენა, ამაში უბედურებას ვერ ვხედავ. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, როცა ის გადაწყვეტილებას ღებულობს, ვალდებულია რაღაც წრე ჩააყენოს საქმის კურსში. ფორმალურია, თუ არაფორმალური, რეალური მმართველი მაინც ხომ ივანიშვილია? რომ ამტკიცებენ, შეთანხმებულია და ბიძინამ მისცა "დაბრო“, რა იციან, რომ ასე იყო? დღეს "ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი ბერკეტი - იმპიჩმენტის დაწყება შეუძლებელია და სხვა რა უნდა დაუშავონ პრეზიდენტს? ზურაბიშვილმა გაიარა ეს ეტაპი, რაც გვარამიამ ის ლანძღა და აგინა, მეტი რა უნდა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ“? როცა საჯარო სამსახურში ჩადგომას აპირებ, უნდა იცოდე, რომ მტრები გაგიჩნდება, ყველას ვერ ასიამოვნებ, ეს გამორიცხულია. მან რომ ჩვენს პარტნიორებთან ეს თემა დახურა, ფაქტია. ახლა წავა მისი ანტიპიარი, რასაც პრეზიდენტი უნდა შეეგუოს".

იხილეთ ასევე: