საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.
როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან.
"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან", - წერს იოსელიანი.
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.
მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას "თუ არ იზამთ, ის მოხდება" და "იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება". ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.