ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა... იგი თუ გახდება სამიზნე "ოცნების" მხრიდან, დავიცავთ აუცილებლად!" - ვინ როგორ ეხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?

"სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა... იგი თუ გახდება სამიზნე "ოცნების" მხრიდან, დავიცავთ აუცილებლად!" - ვინ როგორ ეხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ. ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან:

გია ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა, რაც უდავოდ მისასალმებელია

ხათუნა ლაგაზიძე: მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო! სახელმწიფოს პირადზე მაღლა დაყენების და ღირსეული პოლიტიკის მაგალითი გვაჩვენეთ, რაც ასე აკლია თანამედროვე საქართველოს!

ბადრი ჯაფარიძე, "ლელოს" ლიდერი: მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისაკენ და საზოგადოებაში "ქართული ოცნების" მიერ დანერგილი დაპირისპირების შემცირებისკენ. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომ თავისუფალი მედიის მენეჯერი პატიმრობაში იმყოფებოდა დღემდე, ეს მოიხსნა, რაც კარგია. ძალიან პოზიტიური და ემოციური გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა!

ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის“ წევრი: სწორი გადაწყვეტილებაა. ქალბატონ პრეზიდენტს გამძლეობას ვუსურვებ ასევე, ვისურვებდი სალომე ზურაბიშვილის მიმართ მადლობას და ბოდიშს, რაც მისთვის აქამდე უკადრებიათ…

ხატია დეკანოიძე, ოპოზიციონერი დეპუტატი: ყველაზე დიდი ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა. იგი თუ გახდება სამიზნე ქართული ოცნების მხრიდან, დავიცავთ. აუცილებლად!

ოთო კახიძე, "ევროპული საქართველოს" წევრი: "გვარამიას შეწყალებით დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო პატიმრობა. ვულოცავ ნიკას, მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა კეთილსინდისიერ მოქალაქეს. ცხადია, პრეზიდენტს ეს ნაბიჯი შეთანხმებული ჰქონდა ქვეყნის ფაქტობრივ მმართველთან. ქართული ოცნება კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს კი არა, მის მიღებას ცდილობს, ოღონდ დემოკრატიული ცვლილებების გარეშე. იმ სასამართლოს რეფორმირების ნაცვლად, რომელმაც უდანაშაულო ადამიანს პატიმრობა მიუსაჯა, ივანიშვილის რეჟიმი მძევლებით ვაჭრობას განაგრძობს. ამიტომ არ უნდა გვქონდეს ამათი “გამოსწორების” ილუზია. რეჟიმი უნდა შეიცვალოს დემოკრატიული ალტერნატივით, გატარდეს აუცილებელი რეფორმები და საქართველო გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი".

წაიკითხეთ ასევე: