ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენა-რეაბილიტაციის გარშემო დისკუსია არ წყდება. მოსახლეობის შიშს იწვევდა ის ფაქტი, რომ ინვესტორის ვინაობას ე.წ. ხელმძღვანელობა მკაცრად ასაიდუმლოებდა. ადგილობრივი მედიისა და ბლოგერების პოზიციის თანახმად, ისედაც გასაგები იყო, რომ რუსი ინვესტორი, ნებისმიერი შემთხვევაში, პუტინის ახლო გარემოცვიდან იქნებოდა. რამდენიმე ვარიანტი სახელდებოდა და უმეტესობა სამხედრო პირი, აფხაზეთის კარგად მცოდნე გენერალი იყო.
ხელმოწერა უკვე გაფორმებულია - აფხაზური მხრიდან დოკუმენტს ხელი "ეკონომიკის მინისტრმა" ქრისტინა ოზგანმა, რუსული მხრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა მოაწერა, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმება მიღწეულია და როგორც ოზგანმა თქვა, აეროპორტი მგზავრების გადაყვანას 2024 წლის ბოლოდან უკვე შეძლებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება სავარაუდოდ 6,5 მილიარდი რუბლი, დაახლოებით, 80 მილიონი დოლარი იქნება. პირველ ეტაპზე ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია იგეგმება. სამუშაო პროცესი მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მგზავრთა რაოდენობა, წელიწადში მილიონს მიაღწევს.
ადგილობრივების თქმით, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა შეთანხმებაში მხოლოდ ფიქტიურად არის დაფიქსირებული, რადგან მართვის და კონტროლის მექანიზმი სრულად რუსეთის ხელშია, სხვა შემთხვევაში, ის სრულად დანგრეული ობიექტის აღდგენის ინიციატორი არ გახდებოდა...
პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ოლეგ დერიპასკა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ხუმრობდა, რომ პუტინს სრული უფლება აქვს, ქვეყანა სულ ცოტა, 2030 წლამდე მართოს, რუსეთში სრული პრივილეგიებით სარგებლობს.
rbc.ru-ს ცნობით, მაგნატს დიდი დისკომფორტი შეუქმნა დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა და ამ კუთხით რუსეთში შექმნილ პრობლემებზე არაერთხელ ისაუბრა... რუსეთის ალუმინის მომპოვებელი, უმსხვილესი კომპანია Rusal-ის 45 % წილისა და ნავთობის ბიზნესის მფლობელი, უკრაინაზე თავდასხმის პირველ დღეებში მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრობდა და ომს აპროტესტებდა, მაგრამ შემდეგ ჩუმად ყოფნა ამჯობინა.
"ე.წ. ნეიტრალურმა განცხადებებმა ის დასავლურ სანქციებს მაინც ვერ გადაარჩინა და შემდეგ იმაზე დაიწყო საუბარი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა რუსეთში ფული დამთავრდებოდა" - წერს გამოცემა.
რუსი მაგნატის ქონება, Forbes-მა ოთხ მილიარდ დოლარად შეაფასა. ის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. იგი 2018 წლიდან აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება.
svoboda.org-ის ცნობით, აშშ-ში უკვე ძალაში შევიდა რუსეთიდან ალუმინის იმპორტზე დაწესებული 200-პროცენტიანი გადასახადი, რის გამოც, შესაძლოა, ამერიკულ ბაზარზე რუსული ლითონის მიწოდება სრულად შეჩერდეს.
2022 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დერიპასკა სანქციების რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. კერძოდ, ოლიგარქი ქვეყნის (ამერიკის) ტერიტორიაზე იყენებდა ქონებას, მისი პარტნიორი კი ორჯერ იმყოფებოდა აშშ-ში შვილების გასაჩენად.
ლავროვის ოჯახის წევრები, სანქციებამდე დასავლეთის ქვეყნებში სწორედ დერიპასკას კუთვნილი თვითმფრინავებით სარგებლობდნენ, შვებულებას მის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებსა და იახტებზე ატარებდნენ. პასუხად, ლავროვი დერიპასკას პრივილეგიების მოპოვებაში ეხმარებოდა.
"დერიპასკამ გვიყიდა - სამწუხაროდ, არსებული ვითარების შესაფასებლად, ამაზე შესაფერისი სიტყვები არ მომეპოვება..." - წერს ადგილობრივი აქტივისტი ლაშა ჯოპუა.
წაიკითხეთ ასევე: