ავტორი:

საბჭოთა თერმობირთვული ბომბის ერთ-ერთმა შემქმნელმა მეცნიერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საბჭოთა თერმობირთვული ბომბის ერთ-ერთმა შემქმნელმა მეცნიერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

მოსკოვში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ინჟინერ-ფიზიკოსი, პირველი საბჭოთა ორსაფეხურიანი თერმობირთვული ბომბის, RDS-37-ის ერთ-ერთი შემქმნელი გრიგორი კლინიშოვი. როგორც მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, მეცნიერმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე კლინიშოვმა დატოვა ბარათი, რომლითაც თავის ახლობლებს დაემშვიდობა.

92 წლის მეცნიერი გარდაცვლილი მისმა 67 წლის ქალიშვილმა ნახა. როგორც ირკვევა, ქალმა სულ რაღაც 2 საათით დატოვა ბინა, უკან დაბრუნებულს კი მამა გარდაცვლილი დახვდა, რომელმაც თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა.

როგორც სააგენტო "რეგნუმი" იუწყება, ის წერილში ბოდიშს უხდის ახლობლებს საკუთარი გადაწყვეტილების გამო და ამბობს, რომ ვეღარ უმკლავდება მეუღლის გარდაცვალებას და ჯანმრთელობის პრობლემებს.

გრიგორი კლინიშოვი 1930 წელს დაიბადა. იყო ფიზიკურ და მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

RDS-37 ბომბის გარდა, მან ასევე შეიმუშავა რამდენიმე ტიპის თერმობირთვული მუხტი შემდეგი თაობის ბომბებისათვის.

RDS-37 თერმობირთვული ბომბის გამოცდა 1955 წლის 22 ნოემბერს სემიპალატინსკის პოლიგონზე შედგა. აფეთქების მძლავრი ტალღის გამო 59 დასახლებაში დაზიანდა შენობები. დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 წლის ბავშვი და ერთი სამხედრო მოსამსახურე, რასაც საბჭოთა ხელისუფლება კარგა ხნის განმავლობაში მალავდა.