ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა 4-მა მაღაროელმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უვადო შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით, შიმშილობა მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანიის მხრიდან მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნები არ შესრულდება. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ისინი ხელფასების 20%-ით ზრდას ითხოვენ.
ერთ-ერთი მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც თვალები ამოიკერა, ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
"თითოეული მაღაროელი დიდ პროდუქციას ვქმნით და დიდი თანხები შედის ბიუჯეტში. აქაა ფაქტი - 17 ნაკერი მადევს ხელზე, ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი, დღეს აღარავის ვჭირდები თვალებამოკერილი? არა, მე კიდევ საჭირო ვიქნები. აქ იმიტომ ჩამოვედი რომ ბიჭების გვერდით ვიყო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ესენი იყვნენ კარგად" - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას კუპატაძე.
ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დღეს 19:00 საათზე მივიდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა ერთად დაიცვან შრომითი უფლებები.