ქალაქი მარიუპოლი, ალბათ, უკრაინის ისტორიაში თავგანწირვის მაგალითად დარჩება... ომამდე იქ ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ყველაზე ბევრი, 15 ათასამდე შეიძლება იყოს. თვეების წინ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში, რამდენიმე ადგილობრივი ჩავიდა, რათა თავისი თვალით ენახათ, რა დარჩა საკუთარი საცხოვრებელი სახლისგან. მათი თქმით, ე.წ. ახალი ადმინისტრაცია, ადგილობრივებს ცხოვრების ძალიან კარგ პირობებს, დაბომბილი სახლების აღდგენა-გარემონტებას, სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას შეჰპირდა, თუმცა ძალიან მალე მიხვდნენ, რომ ყველაფერი ტყუილი იყო...
42 წლის თამარა, რომლის გვარსაც მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, გვეუბნება, რომ ე.წ. რუსულმა ადმინისტრაციამ მხოლოდ რამდენიმე ქუჩა, კინო-თეატრის მიმდებარე ტერიტორია და სანაპირო ზოლი გაარემონტა. მისი თქმით, აღდგენილ სახლებში მათ მიერ ჩაყვანილი სხვადასხვა ეროვნების ხალხი, ძირითადად, ჩრდილოკავკასიელები შეასახლეს.
- დედ-მამა გარეუბანში ცხოვრობდნენ და არ წამოვიდნენ. როდესაც ვითარება ჩაწყნარდა, რამდენიმე დღით ჩავაკითხე, ჩემი სახლის ბედიც მაინტერესებდა. დაბომბვისგან ფაქტობრივად ჩამოშლილი იყო. სახურავი გაუკეთებიათ და ერთ მხარეს, ხალხი შეუსახლებიათ. ჩემს ქუჩაზე ვერავინ ვიცანი. ჩემს სადარბაზოში ებრაელები ცხოვრობდნენ, დაბრუნებულან, ოღონდ თავიანთ ბინაში არა, მეზობლად ცხოვრობენ.
მითხრეს, რომ დასრულებულ რემონტს შეჰპირდნენ, მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ კორპუსი გადახურეს და ნაგავი გაიტანეს, დანარჩენი თავად გააკეთეთო, უთხრეს... ნაგავიც ადგილობრივებს გაატანინეს. სანაცვლოდ პურს, ზეთს, შაქარს და ბურღულეულს აძლევდნენ. არადა, სახლი მხოლოდ სახურავი ხომ არ არის, კედლები ჩამოქცეულია, საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს.
- ახალი ბინადრები ვინ არიან?
- ძალიან ბევრია დაღესტნელი, პროცენტულად ალბათ, რუსზე მეტიც კი. ასევე არიან, კაზაკები, თათრები, ბურიატები, ყაბარდოელები, ინგუშები... ჩემს ქუჩაზე ვერავინ ვიცანი, დასახელებები შეუცვლიათ. ალაგ-ალაგ გზები გაკეთებული აქვთ. ალბათ პუტინის ვიზიტისთვის ემზადებოდნენ, რომ რუსული სამთავრობო არხებით ეჩვენებინათ, თუ როგორ ვითარდება ქალაქი ომის კვალდაკვალ. არადა, იმ ერთი-ორი ქუჩის გარდა, ხუთთვიანი ინტენსიური დაბომბვის შემდეგ, არაფერი შეცვლილა.
ვიღაც ლენინგრადელი ბიზნესმენი, პუტინის ახლო გარემოცვის წევრი არემონტებს იქაურობას. ყველამ სხვადასხვა გვარი დაასახელა. ერთმა თქვა, კერძო ინვესტორი კი არა, სახელმწიფო არემონტებსო. თუმცა, ბელაგომოვის გვარი დაასახელეს. ასეა თუ ისე, უამრავი ადამიანი მოატყუეს და გადააგდეს.
ყოფილა შემთხვევა, რომ დაღესტნელი მუშები აჯანყდნენ, ხელფასი არ მოგვცესო და სამშენებლო მასალები გაზიდეს, რომელსაც დიდი ალბათობით ყირიმში გაყიდდნენ. ყირიმიდან შემოდის სურსათი, საყოფაცხოვრებო, ჰიგიენის ნივთები... ამიტომაც, ყველაფერი ძალიან ძვირია. უამრავი ადამიანი, ვინც ომის განმავლობაში ახლობლებთან, ან ქირით ცხოვრობდა და ოკუპაციის მიუხედავად, მაინც თავის სახლში დაბრუნდა, ვერ გაძლო და ისევ წამოვიდა.
- სამედიცინო დაწესებულებები არსებობს?
- დიახ, ორი-სამი არსებობს, მაგრამ ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ და ისიც გარბიან. ანუ კადრები ძალიან სწრაფად იცვლება. ყოფილა შემთხვევა, რომ ასე შემოსახლებული კაზაკი დედა-შვილი, თვენახევარი ეძებდა ექიმს. ბიჭს კბილი სტკიოდა, ქალს თვალი... ვის არ ჰკითხეს, მაგრამ რაიონში არც სტომატოლოგი ჰყავდათ და აღარც ოფთალმოლოგი... კვირაში ერთხელ მოდისო, სტომატოლოგზე უთქვამთ, ძალიან ცოტას უხდიან და კვირაში ერთხელ დადიოდა, ახლა სულ გაქრაო. ბოლოს ტკივილისგან გამწარებულ ბიჭს ადმინისტრაციისთვის უთხოვია - შემიშვით სტომატოლოგის ოთახში და მე თვითონ ამოვიღებ კბილსო, სპეციალისტი ვარო. რომ გაუგიათ, საქმე იცოდა, ლამის მთელი ქალაქი მიაწყდა თურმე - ჩვენც გვჭირდება ექიმიო...
სამედიცინო პერსონალიც დაღესტნელები არიან და მუშახელიც. შემოდგომაზე, იქაურობის უსაფრთხოებაზე კადიროველები იყვნენ განწესებული, რომელთაც არაერთხელ დაუპირისპირდა მოსახლეობა თავიანთი ქცევების გამო - თავიანთი ტრადიციების დამკვიდრება უნდოდათ, როგორც ჩვენ გეტყვით, ისე იქნებაო. შემდეგ ისევ რუსები ჩაერივნენ.
- სროლები ისმის?
- დიახ, ხანდახან ძალიან ახლოს, ხან უფრო შორს. რუსულ ადმინისტრაციასა და კოლაბორაციონისტებს ძალიან ეშინიათ. ამბობენ, ისეთი საფორტიფიკაციო გამაგრება გვაქვს, ვერაფერს იზამენო, მაგრამ მგონია, თავიანთი სიტყვების თავადაც არ სჯერათ.
უკრაინამ მარიუპოლი და სხვა ბევრი ქალაქი სამუდამოდ დაკარგა,მალე კიდევ დაკარგავენ თუ აზრზე არ მოვლენ....დასავლეთს არ ანაღვლებს მარიუპოლი და ბახმუტი,მათი მიზანია რუსეთი დასუსტდეს,მაგრამ ვერ გათვალეს ერთი რამ,რუსები სწორედაც,რომ ომში ძლიერდებიან,სხვა არაფერი იციან,უკრაინელი მოსახლეობა შემცირდება 10 მილიონამდე.
ზელენსკის მოუყევი ეგ ამბები