ავტორი:

პოპულარულ ინფლუენსერს, ენდრიუ ტეიტს გაუპატიურებისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის ბრალი წაუყენეს

პოპულარულ ინფლუენსერს, ენდრიუ ტეიტს გაუპატიურებისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის ბრალი წაუყენეს

35 წლის თვითგამოცხადებული გურუ, ენდრიუ ტეიტი, რომელიც არაერთ ახალგაზრდა მამაკაცსა და თინეიჯერზე ახერხებდა გავლენის მოპოვებას და მათთვის მიზოგინიური აზრების თავს მოხვევას, მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება.

რუმინეთის სასამართლომ ენდრიუ ტეიტს გაუპატიურებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისთვის ბრალი წაუყენა.

ბრალდებულია ასევე ენდრიუს ძმა, ტრისტანი და კიდევ ორი მათი თანამოაზრე. წარდგენილ ბრალს ყველა მათგანი უარყოფს. რუმინეთში გადასახლებული ძმები ჯერ კიდევ დეკემბერში დააკავეს, თუმცა მარტიდან ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებოდნენ.

ბუქარესტის სასამართლოში წარდგენილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა 2021 წელს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა, რათა რუმინეთში, აშშ-სა და ბრიტანეთში ადამიანებით ტრეფიკინგი დაეწყოთ.

დასკვნაში დასახელებულია 7 სავარაუდო მსხვერპლი, რომლებიც ტეიტებმა სიყვარულის და ქორწინების ცრუ დაპირებებით გადაიბირეს. მოგვიანებით, ეს ქალები რუმინეთში, ილფოვის ოლქის შენობებში გადაიყვანეს, სადაც დააშინეს, მუდმივი მეთვალყურეობის და კონტროლის ქვეშ მოაქციეს და ვალის აღება აიძულეს.

ბრალდებულებმა ისინი აიძულეს, მონაწილეობა მიეღოთ პორნოგრაფიაში, რომელიც მოგვიანებით სოციალურ მედიაში გავრცელდა.

ერთ-ერთ ბრალდებულს 2022 წლის მარტში ქალის ორჯერ გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. მას სასამართლომ უძრავი ქონება, მანქანები და 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა ჩამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს ტეიტის მიმართ წაყენებულ ცალკეულ ბრალდებებზეც, მათ შორის ფულის გათეთრებასა და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტეიტების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა