რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, არ შეიძლება ადამიანი, რომელიც პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს გმირ მეფეებს.
"თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, ძალადობა მიუღებელია. ერთი რამ მინდა გავიმეორო, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და პირდაპირ უპირისპირდებიან იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ასე შემდეგ. არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს სწორი არ არის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, თუ არ ვცდები პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს, ერეკლე მეორე გალანძღა, დავით აღმაშენებელი და ასე შემდეგ. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, რაც შეეხება შუღლის გაღვივებას, ესეც მიუღებელია. იმედი მაქვს, მომავალში შუღლის, რადიკალიზმის გაღვივება აღარ მოხდება“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა. მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით "მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.
ასევე იხილეთ: