"მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
რაც შეეხება კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილებაც ძალაში რჩება.
უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას საქმეზე ქვეყნის ყველა ინსტანციაში ბრძოლა დასრულდა.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მათ გამართლებას ითხოვდა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარია და კახაბერ დამენია დამნაშავედ იქნა ცნობილი, ზურაბ იაშვილი კი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.