გუშინ, დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის ამბის გარშემო საზოგადოების დაინტერესება დიდია. საბედნიეროდ, გოგონა იპოვეს, ის ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს, თუმცა რა მოხდა რეალურად, რატომ არ უნდოდა ბავშვს სახლში დაბრუნება და რა გახდა მისი სახლიდან წასვლის მიზეზი, ამ თემაზე სოციალურ ქსელში უამრავი ვერსია დაიწერა.
როგორც ჩანს, ოჯახმა გადაწყვიტა საზოგადოების კითხვებს პასუხები გასცეს და მარიამის დედამ მარინა ვაშალომიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
- ჩვენი მარიამი კარგადაა! სახლშია, მშობლებთან და საკუთარ და-ძმასთან ერთად! მადლობა უფალს! მადლობა თქვენ, კეთილო ადამიანებო, ვინც გულთან ასე მიიტანეთ ჩვენი ოჯახის ამბავი!მესმის ძალიან დიდია დაინტერესება თუ რა მოხდა, რა გახდა მიზეზი რომ ბავშვი დაიმალა და მისი მეგობარი ძაღლის სახლში ჩაეძინა. მარიამი იზრდება სიყვარულით სავსე ოჯახში, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ძვირად ღირებული მობილური დაკარგა და ამის გამო მას ეჩხუბნენ, (მობილური ნამდვილად დარჩა ეზოში, რომლის ღირებულებაც 40 ლარს არ აღემატება) მსგავსი თემა არასდროს ყოფილა ოჯახში კონფლიქტის საბაბი.
ამ დრომდე ჩვენთვისაც უცნობია, რა გახდა რეალურად მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი. მარიამს ძალიან უყვარს ცხოველები, გუშინწინ მოუკვდა ბარტყი, რომელსაც ძალიან უვლიდა და ეს მისთვის საკმაოდ სტრესული ემოცია იყო. გუშინდელმა დღემ გვაჩვენა რომ უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ოჯახს, ვმუშაობთ გამოცდილ სპეციალისტებთან და ახლობლებთან ერთად, დარწმუნებულები ვართ მარიამთან ერთად ვიპოვით მიზეზებს და საუკეთესო გამოსავალს.
მადლიერი ვარ და მიყვარხართ ყველა, ვინც ჩვენთან ერთად იდექით, დიდი თუ პატარა, მაშველი თუ პოლიციელი, ჩინოსანი თუ უბრალოდ გულანთებული ადამიანი! კინოლოგების ძაღლი, რომელმაც კვალზეც გაგვიყვანა! ბიჭები, რომლებმაც ჩვენი გოგონა იპოვნეს! ამ ჯადოსნურ ღამეს უბანში არ დარჩენილა არც ერთი ბუჩქი, ხის ძირი და კუთხე- კუნჭული, რომელსაც ციცინათელები არ ანათებდნენ. მადლობა ამ ერთობისთვის და სიყვარულისთვის! მადლობა დიდ დიღომს და მთელ თბილისს გვერდში დგომისთვის.
წაიკითხეთ ასევე: