მინდა, ამ მართლა „ჩმორებს“ და „ფარჩაკებს“ შევუთვალო - არავის არავისი არ ეშინია, ეს ახალგაზრდები უფრო მეტად მოტივირებული იბრძოლებენ ამ ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თსუ-ში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „რუსულმა ოცნებამ“ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი „პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია“.
"წარმოუდგენელი და გაუგონარი ამბები ხდება. დღეს ვნახეთ უნივერსიტეტი, რომელიც გადააქციეს კრიმინალური გარჩევის ადგილას, განათლების მისაღებად რომ უნდა იყენებდნენ ახალგაზრდები, „რუსულმა ოცნებამ“ პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ზონდერების თავშეყრის ადგილად და მათ შორის იდენტიფიცირებული გვყავს ადამიანები, რომლებიც არ არიან სტუდენტები და დაესხნენ თავს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუგონარი რამე მოხდა, ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც გადმოყვანილი იქნა ამ ფაშისტების, პუტინისტების მიერ ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანით, უკვე საავადმყოფოში მოუვარდა იარაღით კონკრეტული ადამიანი, რომლის დაკავების დროსაც პოლიციამ იარაღი კი არ წაართვა, პირიქით, ხელს აფარებდა, რომ მედიას არ დაენახა. იარაღიანი ადამიანი მოუვარდა ახალგაზრდა კაცს და დააწიოკა მთელი საავადმყოფო, ნაცვლად იმისა, რომ მკურნალობის პროცესს გადიოდეს, ადამიანი თავს დაესხა.
აქედან საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს, მაგრამ ამ „ჩმორებს“ და „ფარჩაკებს“ მინდა შევუთვალო, სტუდენტებს რომ დასდევ და ძალადობთ, აქ ვართ შედარებით არაახალგაზრდები და ჩვენთან მოდით, თუ მეტი ვაჟკაცობა არ გაქვთ, ჩვენ მზად ვართ თქვენნაირ „ფარჩაკებს“ და „ჩმორებს“ პასუხი გავცეთ. ახლა რომ გინდათ, შიში დათესოთ იქნებ როგორმე, შიში არის თქვენი საქმე, გაქცევა, ლაჩრობა, მიპარვა, ჩუმად ასეთი რაღაცების გაკეთება არის თქვენი საქმე, თორემ კობახიძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის ვაჟკაცობა ვინ სად თქვა და ვინ სად გაიგონა?! აუცილებელია ამ ძალადობრივ ჯგუფებს, რომ საზოგადოებამ გასცეს პასუხი. ამ ახალგაზრდებს ვერც შეაშინებენ, ვერც დააშინებენ, ვერც დაემუქრებიან, არც შანტაჟი არ გაჭრის ამათზე და ჩვენ ვნახეთ იმ ადამიანის კომენტარი, რომელსაც თავს დაესხნენ, კიდევ უფრო მეტად მოტივირებული ამ ფაშისტებთან საბრძოლველად. ყველამ ერთად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ „რუსული ოცნება“ რელიგიის სახელით სპეკულირებს, ეს მართლა ურჯულოები და ურწმუნოები, ყველაზე მეტი ურჯულო და ურწმუნო ამ ქვეყანაში არის კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ერთადერთი რამის სწამთ მათ - ფული, რუსეთი და მათ შეუძლიათ მხოლოდ პუტინისტური რეჟიმის მორჩილება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, ხმაური იყო. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თსუ-ს სტუდენტმა ალექსი კირტავამ განუცხადა, დაპირისპირებისას ერთ-ერთი ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.