ავტორი:

"ყველა მედიაში ჩემი ფოტო ვრცელდებოდა" - "უფასო ტაქსიდან" გამგეობაში: როგორ შეიცვალა 13 ივნისის სტიქიის გმირის ცხოვრება და რას იხსენებს 8 წლის წინანდელ ამბებზე?

"ყველა მედიაში ჩემი ფოტო ვრცელდებოდა" - "უფასო ტაქსიდან" გამგეობაში: როგორ შეიცვალა 13 ივნისის სტიქიის გმირის ცხოვრება და რას იხსენებს 8 წლის წინანდელ ამბებზე?

თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ წელს, 13 ივნისს 8 წელი შესრულდა. იმ დღეებს ბევრი გმირი ჰყავდა. მათ შორის იყო 24 წლის გიორგი ლომიძე, რომელიც საკუთარი ავტომანქანით, „უფასო ტაქსით“ უსასყიდლოდ ემსახურებოდა დაზარალებულ ადამიანებს და მოხალისეებს, რომლებიც სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართული.

  • ამ საოცარი საქციელის გამო, იმავე წლის 20 ივნისს, გიორგი ლომიძე ნაძალადევის გამგეობაში დაასაქმეს და "ტაქსისტობაც" ასე შეწყვიტა. თუმცა ის 18 წლის ასაკიდან ოჯახს საკუთარი შრომით ეხმარებოდა. გიორგი ლომიძე დღემდე ნაძალადევის გამგეობის თანამშრომელია და 8 წლის შემდეგ სწორედ იმ პერიოდს იხსენებს, რითაც საზოგადოებამ გაიცნო.

"როდესაც ის უბედურება მოხდა, ვნახე, რომ ახალგაზრდები დაზარალებულების დასახმარებლად დაირაზმნენ, სტიქიის ზონაში ადამიანებს ფიზიკურად ეხმარებოდნენ... მეც გამიჩნდა დახმარების სურვილი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ფიზიკური შრომის საშუალებას არ მაძლევდა, სიმძიმეების აწევა რეკომენდებული არ იყო... იქ ასევე არსებობდა ტეტანუსის და უამრავი ინფექციის გავრცელების საფრთხეც, რადგან ცხელოდა. ვინაიდან მათ მსგავსად ვერ შევძლებდი ფიზიკურად შრომას, ამიტომ მოვიფიქრე, ისეთი საშუალება გამომეძებნა, რომლითაც დავეხმარებოდი მოხალისეებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართული. მით უფრო, რომ ტრანსპორტირების პრობლემა ჰქონდათ, რადგან სტიქიის ზონაში შრომისგან დასვრილ ახალგაზრდებს სამარშრუტოს მძღოლები და ტაქსისტები დიდად არ სწყალობდნენ...

მოკლედ, მივიჩნიე, რომ მათთვის ჩემი მომსახურება მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნებოდა. მათ გვერდით დავდექი. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ იქ მისვლის შემდეგ, ყველა მედიაში, სოციალურ ქსელში ჩემი ფოტო გავრცელდა და ხალხმა გამიცნო. აქ მნიშვნელოვანი მათგან წამოსული დიდი სითბო იყო" - ასე იხსენებს იმ დღეებს გიორგი ლომიძე.

მაშინ ბევრმა არ იცოდა, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭს ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. როგორც აღნიშნა, ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა სტიქიისგან დაზარალებულ ქალაქს გაწმენდაში დახმარებოდა...

2012 წლის ივლისში, 20 წლის იყო, მოულოდნელად მძიმე დიაგნოზი რომ დაუსვეს.

"თირკმლის გადანერგვა დამჭირდა... ამას წინ თავის ძლიერი ტკივილი და მაღალი ჰიპერტენზია უძღოდა, რომელზეც წნევის დამწევი არ მოქმედებდა... დადგინდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ორივე თირკმელი უკმარი იყო. ჩემი თირკმელები თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებდა. დიაგნოზი უცნობი ნეფროსკლეროზი აღმოჩნდა,“ - გვიყვება გიორგი.

იმ პერიოდში შვილის დონორობა საკუთარმა მამამ დაუფიქრებლად გადაწყვიტა...

"მამამ ჩემთვის თირკმლის დათმობა მოინდომა. ამ ჟესტმა დიდი ძალა მომცა, უდიდესი პრობლემის წინაშე მარტო აღარ ვიყავი, რადგან ჩემთან იყო ჩემი ოჯახი არა მხოლოდ მორალურად, ფიზიკურადაც...

გიორგი და მისი მშობლები

თირკმელი თავსებადი უნდა ყოფილიყო. ამისთვის მამის კვლევა იყო საჭირო, ორგანიზმი კარგად უნდა შემოწმებულიყო, დაძლევდა თუ არა ამ ყველაფერს. კვლევა გერმანიაში ჩატარდა. გარდა იმისა, რომ საკუთარ პრობლემაზე ვფიქრობდი, სანერვიულო იყო მამის სიცოცხლეც, რომელიც ორგანოს მაძლევდა. ეს ფსიქოლოგიურ წნეხს აორმაგებდა. ვყოყმანობდი, უარი მეთქვა ოპერაციაზე, მაგრამ მამის შეძახილმა გადამათქმევინა...

სამწუხაროდ, იმ მომზადების პერიოდში სასწრაფოდ აუცილებელი გახდა ჩემი დიალიზზე ჩართვა. დაახლოებით 8 თვე ჰემოდიალიზზე ვიყავი. შემდეგ კი თირკმელი გადამინერგეს,“ - აღნიშნავს რესპონდენტი.

მაშინ ოჯახში სამი ადამიანი იყო - მამა, დედა და გიორგი. სამი ადამიანიდან 2 კი საოპერაციო მაგიდაზე იმყოფებოდა... დედა მათ ოპერაციას გარედან ადევნებდა თვალს.

„წარმოიდგინეთ, დედისთვის რამდენად მძიმე იქნებოდა - ერთ მხარეს შვილი და მეორე მხარეს მეუღლე და ორივეს სერიოზული ოპერაცია უკეთდებოდა... მისთვის პირველი სტრესი ჯერ ის იყო, რომ ერთადერთ შვილს, ასეთ ასაკში მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა. მერე დიალიზზე გადაიყვანეს და მოგვიანებით ექიმები მისთვის უკვე თირკმლის გადანერგვაზე ალაპარაკდნენ... ამ ყველაფრის მიუხედავად, ცდილობდა, მხნეობა არ დაეკარგა და იმ ყველაფერს ძალიან მაგრად გაუმკლავდა...

თუმცა დედა დღეს აღარ არის ცოცხალი, სამწუხაროდ, წელიწადნახევარია, რაც გარდაიცვალა. სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და შემდეგ მთელ ორგანიზმს მოედო. მკურნალობა საქართველოში დავიწყეთ, მერე კი საჭირო გახდა საზღვარგარეთ გადაყვანა, თუმცა ფატალური შედეგი დადგა. მოგვიწია მისი საქართველოში გადმოსვენება. პანდემიის პერიოდი იყო, ცალკე ეს ართულებდა მდგომარეობას. გარკვეული პრობლემები შეიქმნა... კოვიდის პერიოდში რისკჯგუფში აღმოვჩნდი, ინფექცია იმუნიტეტს ურტყამდა. ამიტომ ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმამ, თავს ვუფრთხილდებოდი... თან, იმ პერიოდში გავიგე, რომ თირკმელგადანერგილი 2 ადამიანი კოვიდით გარდაიცვალა... მიუხედავად ყველაფრისა, კოვიდი 2-ჯერ დამემართა, მაგრამ გამიმართლა, გართულება არ მოჰყოლია, თუმცა კლინიკაში მაინც ვიწექი,“ - მოგვითხრობს გიორგი.

- დღეს ბევრი ადამიანია, ვინც ორგანოს გადანერგვას საჭიროებს, რას ეტყოდით მათ, ან მათ ოჯახის წევრებს?

- ადამიანებმა თავიანთი ახლობლისთვის უნდა გაიღონ თავიანთი თუნდაც ცალი თირკმელი. ამით ან გაუხანგრძლივებენ სიცოცხლეს, ან სრულყოფილ სიცოცხლეს შესძენენ, გადაარჩენენ. ამას საკუთარ მაგალითზე ვამბობ და მხოლოდ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე.

ჩემი მდგომარეობიდან და ამ პრობლემიდან გამომდინარე ბევრი ინფორმაცია მომიგროვდა. ბევრს ესაჭიროება ორგანო საქართველოში და ის ფაქტობრივად, მიუწვდომელია. ამიტომ, ტრანსპლანტოლოგ მეგობართან ერთად, გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა ორგანოგადანერგილთა საზოგადოება, რათა უფრო კარგად გაეგო ხალხს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი. ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანია, როგორც ცოცხალი დონაციით გადანერგვა, ასევე გვამური დონაციით. ეს ბევრ ადამიანს დაეხმარება და გადაარჩენს.

დაღუპული ადამიანების ორგანოების გადანერგვა კანონით ნებადართულია, მაგრამ ვერ ხორციელდება. თავის დროზე ამაზე ცოტა აცხადებს თანხმობას, რომ მათი ორგანო გარდაცვალების შემდეგ იქნას გამოყენებული. დონაციის სისტემა ჩვენთანაც რომ მუშაობდეს, ბევრი ადამიანი დღეს უკვე უდროოდ დაღუპული, შეიძლება, ცოცხალი ყოფილიყო. ბევრის გარდაცვალება სულ სხვა აზრს შეიძენდა.

მშობლებთან ერთად

ამიტომ შევსებული მაქვს დონაციის ბარათი, რითაც ვადასტურებ, რომ ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში სრულიად უსასყიდლოდ გადავცემ ჩემს ორგანოებს მას, ვისაც ამის საჭიროება ექნება. დონორის ბარათის მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ბევრი ადამიანია, ვისაც ორგანო ესაჭიროება.

ვსაუბრობდით თირკმელზე, თირკმლის შემთხვევაში არსებობს დიალიზი და ამის ფონზე ადამიანები ცხოვრებას აგრძელებენ, მაგრამ ღვიძლის შემთხვევაში - არა. გულის შემთხვევაში ერთი პრეცედენტიც არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვამური დონაციის კუთხით გადანერგვის საშუალებას გვაძლევს. კარგი იქნება, თუ ამ საკითხს, სწორად შეხედავენ, - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად შეფასებული საკითხის შემდეგ არ შეიძლება სხვა აზრი გაუჩნდეთ. ამაზე ჰუმანური რა უნდა იყოს, როცა ადამიანის დედამიწაზე ცხოვრება დასრულებულია და ის სხვას აძლევს შანსს, რომ სული ჩაჰბეროს. არა მგონია, ადამიანმა გარდაცვალების შემდგომ ამაზე კარგი რამ გააკეთო... ამიტომ ყველას ვურჩევ, ამ თემაზე დაფიქრდეს...