"ეს არის საბაბი, იმიტომ რომ თორნიკე რიჟვაძეს ამაზე უარესებიც უთქვამს. მიხეილ სააკაშვილმა ეს საბაბად გამოიყენა", - ასე შეაფასა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად აპირებს ჩართვას.
როგორც ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციით მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა შეუძლებელია.
"ეს არის საბაბი, იმიტომ, რომ თორნიკე რიჟვაძეს ამაზე უარესებიც უთქვამს. მიხეილ სააკაშვილმა ეს საბაბად გამოიყენა. ფაქტია, რომ სააკაშვილი ვერ ტოვებს ბიძინა ივანიშვილის კონტროლის არეალს.
ირაციონალური გეგმები დგება ხოლმე, ჩვენი კონსტიტუციით სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურა შეუძლებელია. მას არ აქვს მოქალაქეობა. იმის ილუზია, რომ არჩევნებამდე მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას არავის არ აქვს. სინამდვილეში, დღევანდელ სახელმწიფოებრივ პრობლემასთან ამ ფაფხურს მხოლოდ ნეგატიური შეხება აქვს, ეს ყველაფერი პოზიტივის მომტანი არ არის. არც "ნაციონალურ მოძრაობას“ და არც "ქართულ ოცნებას“ არ აქვს ელექტორალური ზრდის პოტენციალი. მათი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი განმარტებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ“ და "ქართულმა ოცნებამ“ შექმნეს სიმბიოზი და ორპოლუსიანობას ინარჩუნებენ.
"ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ წარსული "ნაციონალური მოძრაობის“ სახით და არც აწმყო "ქართული ოცნების“ სახით, იძულებით არჩევანს აკეთებინებენ ცუდსა და უარესს შორის. ეს არის ამ ორი პარტიის შანსი, ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ“,- აღნიშნა მან.
მისი შეფასებით, სააკაშვილის დღევანდელი განცხადება უკავშირდება იმასაც, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად დაშლილია, "ახლა მცდელობა იქნება, რომ პარტიის მონოლითი შეინარჩუნონ“.
"დღევანდელი დღე დავკარგეთ მის ერთ სისულელეზე, რაღაცა მოიბოდიალა. ჯანმრთელობას ვუსურვებთ. ძალიან კარგია თუ უკეთესად არის, გვიხარია, მაგრამ დაგვანებოს თავი. უკრაინის მოქალაქეა. რაც კარგი აქვს გაკეთებული ხომ უნდა, რომ გვახსოვდეს?! ცუდის გამო უკვე დაისაჯა. წარსული ხარ უკვე, ნუ კეტავ მომავალს. მიშა არის ბიძინას უნივერსალური ჯარისკაცი. ასეთი მხარდამჭერი ბიძინას სხვა არ ჰყავს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის მოსაზრებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვა ოპოზიციური პარტიების მისვლით, მათი ელექტორატი არ გაიზრდება.
"შეიძლება კონკრეტულმა პარტიებმა პარლამენტში თითო ადგილი ნახონ, მაგრამ ისინი ასხდებიან "ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატს. რატომ? იმიტომ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისვლით საკუთარ ელექტორატს კარგავენ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.