პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბიზნესმენი გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - ზაზა გუგავა.
"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე აფთიაქიდან ძალადობითა და მუქარით მოიტაცეს ბიზნესმენი და "ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს. ბრალდებულები, იარაღის გამოყენების მუქარით და სხვა უკანონო მეთოდებით მოითხოვდნენ დაზარალებულისგან ქონების დათმობას და მათთვის სასურველ პირზე გადაფორმებას.
ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილ პირს, განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული და რომ უკან არაფერზე დაიხევდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ადგილზე მიიყვანეს და დაზარალებულს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ წარუდგინეს სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ქონების გადასაფორმებლად საბაჟო ტერმინალში მიიყვანეს ნოტარიუსიც. ბრალდებულთა დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, დაზარალებულმა მისი კუთვნილი საწარმოს 30%-იანი წილი და მის საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე გადააფორმა ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის ორგანიზატორს - გიორგი უდესიანს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით, ხოლო ზაზა გუგავას 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.