ავტორი:

"ქმართან ერთად არ ვცხოვრობ და ეს ბედნიერებაა" - ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ბედნიერი ქორწინების საიდუმლო სხვადასხვა სახლში ცხოვრებაა

"ქმართან ერთად არ ვცხოვრობ და ეს ბედნიერებაა" - ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ბედნიერი ქორწინების საიდუმლო სხვადასხვა სახლში ცხოვრებაა

გიჭირთ ოჯახური იდილიის შენარჩუნება? - მეუღლესთან იდეალური ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ამერიკელი წყვილი ცალკე სახლში ცხოვრებას გვირჩევს.

ბრუკლინელ ქალს სჯერა, რომ ბედნიერი ქორწინების საიდუმლო ქმრისგან განცალკევებით ცხოვრებაა.

43 წლის მწერალი, ბიანკა ტურეცკი და 58 წლის პიტერ ბახი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2021 წელს დაქორწინდნენ და თავიდანვე ცალ-ცალკე, სხვადასხვა სახლში ცხოვრება გადაწყვიტეს. ამით მართალია, მეგობრები გააკვირვეს, მაგრამ სამაგიეროდ, ამბობენ, რომ "ოჯახური იდილია" შეინარჩუნეს.

როცა შეუღლდნენ, ბიანკა თავის კატასთან ერთად ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო. ამასთან, პიტერიც ბედნიერად გრძნობდა თავს თინეიჯერ ვაჟთან ერთად განცალკევებით ყოფნით.

"42 წლის ასაკში ქორწინება იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი ცხოვრება უკვე მოწყობილი მქონდა. ტრადიციული წესების დევნა არავის გააბედნიერებდა. რატომ უნდა გვეცხოვრა ძველებური წესებით? რატომ არ შეგვეძლო თანადათანობით ჩვენივე წესები შეგვექმნა? ვინ ადგენს როგორი უნდა იყოს ნორმალური ქორწინება?", ამბობს ბიანკა.

პიტერი, მისი ვაჟი და ბიანკა

ტურეცკისთვის ცალკე ცხოვრების მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ პიტერის ვაჟს კატის ბეწვზე ალერგია აქვს. იმის მიუხედავად, რომ მას შემდეგ ბიჭუნა კოლეჯში ჩაირიცხა და მამის სახლიდან გადავიდა, წყვილი მაინც ცალ-ცალკე ცხოვრებას განაგრძობს. პიტერი და ბიანკა კვირის განმავლობაში რამდენიმე დღეს ატარებენ ერთმანეთის ბინაში და შემდეგ საკუთარს უბრუნდებიან, რათა პირადი სივრცით დატკბნენ.

"ხალხის უმეტესობა, ვისაც ჩვენი ცხოვრების პირობებზე ვუყვებით, ჯერ გაოცებულია, შემდეგ ინტერესდებიან, როგორ ვცხოვრობთ, ზოგჯერ ჩვენი შურთ კიდეც. თთქმის 6 წელია რაც მე და პიტერი ერთად ვართ და ჩვეულებრივი სამუშაო დღის ბოლო მაინც პაემანივითაა", ამბობს ტურეცკი.

პიტერის სახლი ცოლის სახლისგან 40 წუთის სავალზეა, ამიტომ ამჟამად ის შედარებით ახლოს მდებარე ბინას ეძებს, რათა მგზავრობის დრო შეამციროს. წყვილს ერთად ცხოვრების გეგმა არ აქვს.

"ჩემი აზრით, ჩვენი ბედნიერების საიდუმლო ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილებაა", - ამბობს ქალი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა