ავტორი:

"ჩემთვის რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში" - ხვიჩა კვარაცხელია განცხადებას აქვეყნებს

"ჩემთვის რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში" - ხვიჩა კვარაცხელია განცხადებას აქვეყნებს

ფეხბურთში 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს და ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გააგრძელებს მზადებას კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ თამაშისთვის.

ამის შესახებ "კვარა" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში.

ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ.

სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები.

ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება. ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს", - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ცნობისთვის, კვარაცხელია 21 წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს და ეროვნულ ნაკრებშიც, ამან ფეხბურთელის გულშემატკივრები გაანაწყენა, განსაკუთრებით კი ნეაპოლელები, რადგან ისინი თვლიან, რომ ისედაც ხანგრძლივი და დატვირთული სეზონის შემდეგ ფეხბურთელს შესვენების და ძალების აღდგენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.