ავტორი:

გახდება თუ არა კრემაცია საქართველოში შესაძლებელი? - რას ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა: ინტერვიუ კანონპროექტის ავტორთან

გახდება თუ არა კრემაცია საქართველოში შესაძლებელი? - რას ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა: ინტერვიუ კანონპროექტის ავტორთან

12 ივნისს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში კრემაციის მომსახურების საკითხები უნდა დაარეგულიროს. კანონპროექტის ინიციატორია "რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევა "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონის 140-ე მუხლს დაემატება ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს "ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის გაცემას“.

საკითხი შეეხება კრემაციის სერვისების მიმწოდებელი ეკონომიკური სუბიექტებისთვის ეკონომიკური საქმიანობის საკითხის რეგულირებას. ამით კი საქართველოს მოქალაქეებისთვის კრემაციის სერვისები ხელმისაწვდომი გახდება. ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრისა და მისი გუნდის მიერ ჩატარდა კვლევითი საქმიანობა და ასევე მომზადდა კონკრეტული ცვლილებები აღნიშნულ კანონში. მიუხედავად იმისა, რომ კრემაცია არ არის კანონით აკრძალული, ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისთვის არ არის საკმარისი საკანონმდებლო ბაზა, რასაც მოცემული ინიციატივა საბოლოოდ სისრულეში მოიყვანს.

ambebi.ge დეპუტატ ხათუნა სამნიძეს ესაუბრა:

- ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ადამიანს, ვისაც საკუთარი ცხედრის კრემირების სურვილი ჰქონდა, ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისის მიღების საშუალება არ აქვს... თან ამაზე დედა ხშირად ლაპარაკობდა, კითხულობდა, რატომ არ არის ჩვენთან ამის შესაძლებლობაო. უნდოდა, სიკვდილის შემდეგ, მისი ცხედრის კრემაცია მომხდარიყო. არადა, ვიცოდი, რომ თბილისში, ერთ-ერთ გარეუბანში ძველი კრემატორიუმი არსებობს, რომელსაც არ უმუშავია.

- ე.ი. ზოგადად მომხრე იყავით, ქვეყანაში ამის შესაძლებლობა ყოფილიყო…

- კი, რომ ეს სერვისი ჩვენთან ხელმისაწვდომი ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ კი, როდესაც დედა ავად გახდა, მძიმე დაავადება ჰქონდა და ეს თემა უკვე პირად ამბავსაც დაუკავშირდა, რამაც ეს სურვილი კიდევ უფრო გაამძაფრა... ამასთანავე, ჩვენი მოქალაქეების ბევრი სხვა ისტორიაც მოვისმინე, ვისაც ოჯახის წევრმა დაუბარა, გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედრის კრემაცია მომხდარიყო. სერვისის არარსებობის გამო კი ცხედრის სხვა ქვეყანაში გადასვენება მოუწია. ძირითადად სახელდებოდა ქვეყნები: უკრაინა და რუსეთი. ეს კი უკვე უამრავ ხარჯთან და წვალებასთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ დავფიქრდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემი მანდატით შემიძლია, ამ საკითხის ინიციატორი ვიყო... მაგრამ შესწავლის გარეშე ამის გაკეთება სწორი არ იქნებოდა. ისიც მესმოდა, რომ ემოციებთანაც იქნებოდა დაკავშირებული. დაახლოებით ერთი წელია, ამ საკითხზე ვმუშაობ. დამეხმარა UNDP-ი. ის პარლამენტარებს ნებისმიერი საკითხის შესწავლაში ეხმარება. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და მათ მადლობა იმისთვის, რომ მენდნენ და დამიდასტურეს, რომ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ.

საკითხის შესწავლა საერთაშორისო თუ ქვეყნის სხვადასხვა მაგალითით დავიწყეთ. გვჭირდება თუ არა კანონი, როგორია სტატისტიკა, ჩავატარეთ გამოკითხვები.

- და როგორც გაირკვა, თურმე კრემაციის შესახებ კანონის შემუშავება საჭირო სულაც არ აღმოჩნდა, ხომ?

- დიახ, რაც ძალიან კარგია, რადგან ეს კიდევ უფრო ემოციური იქნებოდა, რასაც ახსნა-განმარტებები დასჭირდებოდა. ჩვენი ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალში კრემაცია არის, მაგრამ ადამიანს რომ მოუნდეს ეს სერვისი, ვერ მიიღებს ან, მაგალითად, ბიზნესმენს რომ მოუნდეს და ააგოს კრემატორიუმი, ამას ვერ შეძლებს. ამის სტანდარტები და ლიცენზიაც არ არსებობს. ამიტომ სამი განზომილება შევისწავლეთ. ეკონომიკური, უფლებრივი და ეკოლოგიური. ამ საკითხების დამუშავების შემდეგ, შევიმუშავეთ პროექტი, რაც არის ცვლილება კანონში. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ და არ ვიჩქაროთ. მინდა, საჯარო მსჯელობა გავმართოთ, სადაც ადამიანები ამაზე ღიად ილაპარაკებენ. ვინ მომხრეა, ვინ წინააღმდეგი, ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. ზოგადად მგონია, რომ ნებისმიერი საკითხი ასე ერთმანეთის მოსმენით უნდა წყდებოდეს. ცხადია, იქნებიან მოწინააღმდეგეები და მზად ვარ, მათაც ვესაუბრო.

- რელიგიური კუთხით რას იტყვით?

- რელიგიურად არ არის აკრძალული. საპატრიარქოს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული, არ ეწინააღმდეგება, არც განკვეთა მოხდება და წესის აგებაც ჩვეულებრივად ტარდება. კრემაციის შემდეგ კი ფერფლის დასვენება ხდება...

დედა მონათლული იყო, სიკვდილის წინ ეზიარა კიდევაც, მას მართლმადიდებლურად აუგეს წესიც. ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა.

კანონპროექტში ცვლილებაა შესატანი და როცა მივიღებთ ამ ცვლილებას, ნებისმიერ ბიზნესს შეეძლება, ლიცენზიისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართოს. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სტანდარტები, ლიცენზიის გაცემის წესი და სხვა საჭირო სტანდარტები. ჩემი მიზანია, პერსპექტივა გაჩნდეს, არსებობდეს დარეგულირებული კანონმდებლობა. ხოლო როდის გაჩნდება ამის აშენების პერსპექტივა, სერვისით სარგებლობა, ამას უკვე საზოგადოებრივი მოთხოვნა გადაწყვეტს. ხელისუფლებაში მყოფი ძალა მოუსმენს თუ არა საზოგადოებას, დაინახავს თუ არა საჭიროებას, ყველაფერი ამის მიხედვით მოხდება. მე ყველაფერს ვეცდები, კანონის მიღების შემდეგ, რეკომენდაცია გავუწიო და ვითანამშრომლო აღმასრულებენ ხელისუფლებასთან, რომ დროულად შეიმუშაონ ეს სტანდარტები და ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, ინვესტირება მოახდინოს.

- საკმაოდ ძვირი სერვისია, ხომ?

- დიახ და ეს არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, არც მუნიციპალიტეტთან უნდა იყოს დაკავშირებული. საერთაშორისო პრაქტიკაში არის ამის პრეცედენტი, როცა ამას მუნიციპალიტეტი აკეთებს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, არ ვართ ამის მომხრე. ეს კერძო ბიზნესის გადასაწყვეტია. ჩვენს კვლევაში ასახულია, დაახლოებით რა რაოდენობის ინვესტირება სჭირდება ბიზნესს, რამდენი წელი დასჭირდება, რომ ინვესტირებას ჰქონდეს აზრი. კვლევისას გაირკვა, რომ მუნიციპალური სასაფლაოების დეფიციტია. უძვირესია მიწის შეძენა ოჯახისთვის საკუთარი ოჯახის წევრი რომ დაკრძალოს. კრემაციის შემთხვევაში, მიწის ფართობი მცირდება...

სასაფლაოების თემა ეკოლოგიურადაც მძიმეა, რადგან ბევრ ადგილას სასაფლაო საცხოვრებელი სახლების გასწვრივ არის, ზოგჯერ ეზოშიც კი. ეს არ არის უხიფათო ჩვენი გარემოსა და ჯანმრთელობისთვის. ყურადღება ამაზეც უნდა გამახვილდეს. მსჯელობის დროს იქამდეც უნდა მივიდეთ, რომ მაგალითად, ხელისუფლება იმ სტანდარტებზეც დაფიქრდეს, სასაფლაო სად უნდა არსებობდეს. დღეს ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ადამიანები, პრაქტიკულად, სოციალური მდგომარეობის გამო ეზოს ყიდიან და იქ სასაფლაოები კეთდება. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე საჯაროდ უნდა ვიმსჯელოთ.

ჩემთვის ყველაზე მთავარი კი არის არჩევანის თავისუფლება. ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ, ქვეყანას რელიგიური თავისუფლება აქვს. უნდა გვქონდეს არჩევანის თავისუფლება, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რა მოუვიდეს ჩვენს სხეულს გარდაცვალების შემდეგ.

- არჩევანის თავისუფლება ახსენეთ, მაგრამ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, ვისაც კრემაციას, უბრალოდ, რელიგია ავალდებულებთ და მათ ეს სერვისი აქ არ აქვთ...

- დიახ, თუ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ზრუნავენ ერთმანეთზე, იმ ადამიანებზეც უნდა ვიფიქროთ, ვისაც უწევს საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო ოჯახის წევრების გადასვენება სხვა ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში. რატომ უნდა წაიყვანოს ჩვენმა მოქალაქემ სხვა ქვეყანაში ოჯახის წევრი, იქ მოხდეს კრემაცია და მერე აქ ჩამოიტანოს ფერფლი. მესმის, რომ ეს ემოციური საკითხია, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ამაზე რაციონალურად უნდა ვიფიქროთ.

- თქვენი კვლევის შედეგებში ამოვიკითხე, რომ 60% ამ ინიციატივას კატეგორიულად არ ეთანხმება. ამ ადამიანების დარწმუნება რომ ვერ მოხდეს და ამან საზოგადოების მღელვარება გამოიწვიოს?

- ამიტომაც ჩემთვის მნიშვნელოვანია დისკუსია, როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ისე კომიტეტის მიღმა. ვფიქრობ, საჯარო დისკუსიასაც გავმართავთ, რომ ადამიანებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ. შიში, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან, იმის ბრალია, რომ ინფორმაცია სრულად არ გვაქვს, ან მივიჩნევთ, რომ ამის უფლებას ჩვენი რელიგია არ მოგვცემს. რელიგიური აკრძალვა ვიმეორებ, არ არსებობს, ეს ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, ამისთვის დრო უნდა დავხარჯოთ, ვესაუბროთ, ავუხსნათ...

არის მაგალითები, როცა ამა თუ იმ ქვეყანას წლები დასჭირდა იმისთვის, რომ იქ კრემატორიუმს ემუშავა...

- თქვენი პირადი ისტორიის შესახებ იქნებ უფრო მეტი გვითხრათ...

- დედაჩემს ყოველთვის უნდოდა, რომ სიკვდილის შემდეგ, მისი სხეულის კრემაცია მომხდარიყო. ხშირად მელაპარაკებოდა ამაზე. ამბობდა, - არ მინდა, დაკრძალული ვიყო... მინდა, ჩემი ფერფლი გაფანტოთ ზღვაზეო... ზღვა ძალიან უყვარდა... მისი ფერფლის ზღვაზე გაფანტვა ვერ შევძელით. გავითვალისწინეთ მისი დედმამიშვილების აზრი, შვილებსაც გვინდოდა, რომ ყოფილიყო ადგილი მამის საფლავის გვერდით, სადაც მივიდოდით. ამიტომ ჩვეულებრივად დავკრძალეთ, ყველა რიტუალი გავიარეთ. უბრალოდ, მისი სურვილი აღვასრულეთ.

პანაშვიდზე იყო დედის ფერფლი ვერცხლის ლამაზ ჭურჭელში მისი დარგული ყვავილებით მორთულ კუთხეში. ეს იყო სულ სხვა ემოცია და სულ სხვა რამ, როდესაც ადამიანის დანაბარებს ასრულებ. მშვიდად ხარ, რომ მას როგორც უნდოდა, ისე გააკეთე.

- ნათესავების მხრიდან წინააღმდეგობა გქონდათ?

- კი, რა თქმა უნდა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ადამიანებს ჯერ ინფორმაცია არ ჰქონდათ სრულად. როცა მთელი ცხოვრება უყურებ ერთ ტრადიციას და რიტუალს, რა თქმა უნდა, პირველი ამ ყველაფრის მიმართ არის შოკი. თითქოს ეს ყველაფერი, რასაც გთავაზობენ, თითქოს შენი არ არის... დედის პანაშვიდი და დაკრძალვის მთელი პერიოდი იყო სიყვარულის, თანაგრძნობის და გვერდში დგომით განპირობებული. ახლობლებთან ბევრი ვისაუბრეთ, ავუხსენით. შევახვედრეთ დედის მეგობრებს, ვისთანაც დედა ასევე საუბრობდა ამ თემაზე. ამან მათზე იმოქმედა. მერე უკვე იმ ყველაფრის ნახვის შემდეგ, მითხრეს, - მართალი ხარ, როგორც მან გადაწყვიტა, ისე უნდა იყოსო.

ამ ყველაფერმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში უნდა არსებობდეს...

- პირადად თქვენთვის ემოციურად და ადამიანურად როგორი გადასატანი იყო?

- მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ მამა დავკარგეთ, რომელიც ტრადიციულად დავკრძალეთ, მალე დედაც გარდაიცვალა და მისი დანაბარები შევასრულეთ. მამის შემთხვევაში მისი ცხედარი იყო პანაშვიდზე, დედის მაგალითზე - ფერფლი. ტკივილი კი ერთია, ამას ვერვინ უარყოფს. პროცესი და რიტუალი, ძალიან სხვადასხვა ემოციებთან არის დაკავშირებული. სხვაა, როდესაც შუა ოთახში ცხედარია დასვენებული, ეს სულ სხვა ემოციაა, სხვა კავშირია იმიტომ, რომ უმძიმესია, როდესაც გუშინ ცოცხალს უყურებდი და დღეს ის გაყინულია... და ნამდვილად სხვაა, ყვავილებში ჩაფლული, ვერცხლის ჭურჭელში დედის ფერფლი. შესაძლებელია, ეს იმაზე იყო დამოკიდებული, რომ მისი სურვილი შევასრულეთ და ესეც სხვანაირად ავსებდა ჩვენს ემოციას...

- ახლა რა ეტაპებია გასავლელი?

- ახლა წინ არის მოლაპარაკებები. პირადად უნდა ვესაუბრო დეპუტატებს ოპოზიციაშიც და უმრავლესობაშიც. ეს პროცესის ნაწილია, რათა ამ ინიციატივის მხარდაჭერა მოვიპოვო. რთული იქნება, თუმცა მისაუბრია უკვე ცალკეულ დეპუტატებთან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს უფლება უნდა ჰქონდეს იმას, ვისაც ამის სურვილი აქვს...

ამ საკითხმა შესაძლებელია, საშემოდგომო სესიებზე გადაინაცვლოს. პრობლემას ამაშიც ვერ ვხედავ, რადგან ეს დისკუსიისთვის მეტ დროს მოგვცემს. საბოლოოდ 51 ხმა საკმარისია იმისთვის, რომ კანონპროექტი მივიღოთ. ვიმეორებ, ეს არის თემა, რომელიც ცდება პარტიულობას, ქვეყნის საზღვრებს და არის გლობალური.

იხილეთ ასევე: