ავტორი:

"ადამ სულთანოვიჩი ცოცხალია და დაზიანებებიც არ აღენიშნება... ეს ინფორმაცია რომ ყალბი იყო, თავიდანვე ვიცოდი" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"?

"ადამ სულთანოვიჩი ცოცხალია და დაზიანებებიც არ აღენიშნება... ეს ინფორმაცია რომ ყალბი იყო, თავიდანვე ვიცოდი" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"?

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ტელეგრამის არხზე წერს, რომ მისი "მარჯვენა ხელი" ადამ დელიმხანოვი ცოცხალია. კადიროვი გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს.

"ყველას მადლობა, ვინც შეწუხდით. ადამ სულთანოვიჩი ცოცხალია, კარგადაა და დაზიანებებიც არ აღენიშნება. ეს ინფორმაცია რომ ყალბი იყო, მე თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ გადავწყვიტე, ყველასთვის მეჩვენებინა, განსაკუთრებით კი უკრაინელებისთვის, სადამდე დაეცა მათი მედია. იმდენად არ სცემთ პატივს თქვენს მკითხველს, თავხედურად ცრუობთ და იცით, რომ ეს ტყუილი გავრცელდება. და როცა მე ცეცხლზე ნავთი დავასხი, ამ სიცრუის ავტორებმა თავისივე ზღაპრების თავადვე ირწმუნეს.“ - წერს კადიროვი.

  • 14 ივნისს, უკრაინულენოვან წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სათათბიროს დეპუტატი და რამზან კადიროვის მარჯვენა ხელი ადამ დელიმხანოვი დაიჭრა და გარდაიცვალა. უკრაინელები წერდნენ, რომ დელიმხანოვი პრიმორსკში იმყოფებოდა.

უკრაინული დაზვერვა ოკუპანტების ცოცხალ ძალას რამდენიმე საათის განმავლობაში ამონიტორინგებდა. მათ იცოდნენ, რომ ადგილზე "ახმატის“ წევრებიც იმყოფებოდნენ, მათზე არტილერიამ იერიში მიიტანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მებრძოლი, უკრაინელი პოლიტოლოგის, კირილ საზონოვის თქმით, იერიში იმდენად ძლიერი იყო, რომ დაჭრილიც არავინ დარჩა, ყველა განადგურდა. მისი თქმით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც არ მისულა. მისი თქმით, დელიმხანოვიც იქ იმყოფებოდა.

ამ თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში კადიროვის მარჯვენა ხელი კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც ჩეჩნეთის ლიდერმა ტელეგრამზე პოსტი გამოაქვეყნა.

"დელიმხანოვთან პირადად მეც ვერ გავდივარ კონტაქტზე. ვთხოვ უკრაინულ დაზვერვას, მოგვაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულად რა პოზიციაზე მიიტანეს იერიში და რა ზიანი მიაყენეს, რათა ჩემი ძვირფასი ძმა როგორღაც ვიპოვო. ჯილდო გულუხვი იქნება და ძალიან გთხოვთ ამაში ერთად ვიმოქმედოთ,“ - წერდა კადიროვი.

ადამ დელიმხანოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატია. დელიმხანოვი იმითაც არის ცნობილი, რომ სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“ საქმიანობის კოორდინაციას.

2022 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.