მილიონერი ქართველი დეპუტატების სიას თუ გადავხედავთ, მათ შორისაა ანტონ ობოლაშვილი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა და ბოლო მოწვევის პარლამენტში მოხვდა, როგორც ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" .
"ქართული ოცნების“ მაჟორიტარის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ დაიბადა 1974 წლის 1-ლ მარტს. სკოლა და უნივერსიტეტი ახალციხეში დაამთავრა.
2004 წელს დააფუძნა შპს "გლობალფარმა“ (ფარმაცევტული კომპანია) რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გახლდათ 2016 წლიდან 2020 წლამდე. იქამდე, ვიდრე დეპუტატის სავარძელში მოხვდებოდა. ანტონ ობოლაშვილი ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ობოლაშვილების ოჯახი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია. 2020 წელს გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ანტონ ობოლაშვილის შვილმა, მეუღლემ და ცოლისდამ "ქართულ ოცნებას“ თანხა 27 აგვისტოს შესწირეს. ქეთევან ობოლაშვილმა - 6 000 ლარი, ლია ობოლაშვილმა - 60 000 ლარი, ხოლო თამარ მერაბიშვილმა - 10 000.
2021 წლის თებერვალში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანდა ანტონ ობოლაშვილის სახლში ე.წ. კომენდანტის საათის დროს, მმართველი გუნდის წევრები და მათი მეგობრები წვეულებაზე რომ იმყოფებოდნენ. ობოლაშვილმა იმჟამად ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ წვეულებაზე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდნენ. სტუმრები დეპუტატ ობოლაშვილის სახლში საღამოს ცხრა საათის შემდეგაც მიდიოდნენ. მაშინ, როდესაც კოვიდპანდემიის გამო, ქუჩაში გადაადგილება აკრძალული იყო.
"მე მყავს სტუმრები, ეს არის ჩემი დაბადების დღე. თქვენ მოდიხართ და მეკითხებით, აღნიშნავთ თუ არა მელიას დაპატიმრებასო. სრული აბსურდია, როგორ შეიძლება ამის თქმა. არავის არ გაუხარდება არავის დაკავება და დაჭერა", - უთხრა ანტონ ობოლაშვილმა მის სახლთან მისულ გადამღებ ჯგუფს.
პანდემიას დაემთხვა ობოლაშვილის ქალიშვილის ქორწილიც. ღონისძიება 2020 წლის 15 სექტემბერს ე.წ კაკლების დასახლებაში გაიმართა. ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მიუხედავად, ქეთი ობოლაშვილისა და კოტე ხიდირბეგიშვილის ქორწილი არ გაუქმებულა. აკრძალულ წვეულებას 200- მდე სტუმარი ესწრებოდა.
ანტონ ობოლაშვილის სიძე, კოტე ხიდირბეგიშვილი ვაკის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, თუმცა დეპუტატის სიძეს, როგორც სახელმწიფო მოხელეს, ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2021 წელს აქვს შევსებული. ამჟამად კი, მეუღლესთან ერთად, კერძო ბიზნესით არის დაკავებული.
2023 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში ანტონ ობოლაშვილს ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მეუღლე ჰყავს მითითებული, სრულწლოვანი შვილები კი შეყვანილი არ ჰყავს.
დოკუმენტის თანახმად, დეპუტატმა 2014 წელს, 1 165 025 ევროდ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 130 კვ.მ. ბინა შეიძინა.
მისი მეუღლის ლია ობოლაშვილის მფლობელობაშია 2003 წელს 7500 ლარად შეძენილი ბინა თბილისში და ასევე ორი ავტოფარეხი, რომლებშიც 2012 წელს 20 ათასი ლარი გადაიხადა.
ლია ობოლაშვილის მფლობელობაშია ასევე ორი ბინა დაბა ბაკურიანში, რომლებიც 2012 წელს 75 242 ლარად და 2020 წელს 36 6658 ლარად შეიძინა. 2012 წელს ქალმა ტაბახმელაში მდებარე მიწის ნაკვეთში 2 ათასი დოლარი გადაიხადა. 2019 წელს კიდევ ერთი ბინა შეიძინა მცხეთაში, რომელშიც 100 000 ლარი გადაიხადა.
ლია ობოლაშვილის ქონება ამით არ სრულდება. მის სახელზე ფიქსირდება 2012 წელს 429 777 ლარად შეძენილი ბინა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე. 2013 წელს კი არასაცხოვრებელი ფართი თბილისში ყაზბეგის გამზირზე, რომელშიც 49 700 ლარი გადაიხადა.
ანტონ ობოლაშვილი თანამფლობელია სამი მიწის ნაკვეთის სოფელ უდეში. მის სახელზეა 2007 წელს შეძენილი კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი სოფელ წავკისში.
ლია ობოლაშვილი მართავს მსუბუქ ავტომანქანას PORSHE-CAYENE AL777KD, რომელიც 2018 წელს 96 000 ლარად შეიძინა.
ანტონ ობოლაშვილის კუთვნილებაშია სამი ძვირადღირებული საათი, BREGUET 2017 რომელშიც 15 000 დოლარი გადაიხადა, 17 ათას დოლარად შეძენილი A.Lange & SOHNE 2018 და Vacheron Constantin 2022 რომლის ღირებულებაც 15 500 დოლარია.
დეკლარაციის შევსებისას ანტონ ობოლაშვილის თიბისი ბანკის ანგარიშზე VIZA INFINITE ირიცხებოდა 41 698,8 დოლარი, "საქართველოს ბანკის" VIZA GOLD-სახელფასო ანგარიშზე 18 895,12 ლარი, AMEX ბარათზე 10 101,01 ევრო, AMEX-GOLD ბარათზე 20 108,73 GEL ლარი, ხოლო საქართველოს ბანკის ბარათზე INFINITE 12 860,51 ლარი, 288 688,75 დოლარი და 3762,33 ევრო.
ანტონ ობოლაშვილს LCL-ის მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 56 738,17 ევრო, ხოლო Societe General-ის ანგარიშზე 20 035,57 ევრო.
ლია ობოლაშვილი "საქართველოს ბანკის" ბარათზე INFINITE 5653 ლარი, ხოლო LCL მიმდინარე ანგარიშზე 16 000 ევრო.
ანტონ ობოლაშვილს დანაზოგის სახით ჰქონდა 45 000 ლარი, 25 000 დოლარი და 20 000 ევრო.
ანტონ ობოლაშვილმა შპს "გლობალფარმი საქართველოდან" დივიდენდის სახით 348 438,95 ლარი მიიღო, პარლამენტის წევრის ხელფასის სახით კი 43 650,56 ლარი დაერიცხა.
ლია ობოლაშვილმა ბინის ქირით გადაცემის შედეგად, ზეპირი შეთანხმებით შემოსავლის სახით 18 000 დოლარი მიიღო.
ანტონ ობოლაშვილმა უძრავი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემოსავლის სახით 285 000 დოლარი მიიღო.
გასულ წელს მილიონერმა დეპუტატმა ქონების გადასახადი 8942,61 ლარი გადაიხადა. ქველმოქმედებაში კი 150 000 ლარი დახარჯა. ქველმოქმედებისთვის გაიღო 30 ათასი ლარი ლია ობოლაშვილმაც.
იხილეთ ასევე: