ალესანდრა მუსოლინი, ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი და სოფი ლორენის დისშვილი, კოლორიტული პიროვნება, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ექსცენტრიკული პოლიტიკოსია იტალიაში. ქალი, რომელმაც დიდი წინაპრებიდან არც ერთს არ აწყენინა - პოლიტიკაშიც გამოჩნდა და კინოშიც თქვა საკუთარი სიტყვა.
ალესანდრა კონსერვატიული პარტიის წევრია, იტალიისა და ევროპის პარლამენტის წევრი, ნეოფაშისტური პარტიის "სოციალური ინიციატივა" დამაარსებელი, ცნობილია თავისი ექსცენტრიკული განცხადებებით.
ბენიტო მუსოლინის შვილის, რომანო მუსოლინის ქალიშვილი და სოფი ლორენის დისშვილი, ყოფილი მოდელი და მსახიობი 1962 წლის 30 დეკემბერს რომში დაიბადა. 1976-1980 წლებში რომის ამერიკულ სკოლაში სწავლობდა. 1986 წელს დი რიმინის უნივერსიტეტი დაამთავრა და ხელოვნებისა და კინომმართველობის მაგისტრის დიპლომი მიიღო. 1989 წლის 28 ოქტომბერს საბაჟო პოლიციის ოფიცერ მაურო ფლორანის გაჰყვა ცოლად. წყვილს სამი შვილი შეეძინა: კატერინა, კლარისა და რომანი ფლორანები.
ალესანდრა თითქმის ერთი წელი იმისთვის იბრძოდა, რომ მისი შვილებისთვის მუსოლინის გვარის ტარების უფლება მიეცათ. არაერთხელ განაცხადა, რომ ამაყობს თავისი სახელგანთქმული ბაბუით, მაგრამ ამ შემთხვევაში არა მარტო ღირსებას, არამედ თავის ქალურ უფლებებს იცავდა. ალესანდრამ თავისას მიაღწია, მაგრამ პროცესი დიდხანს გაგრძელდა და ძალიან ძვირი აღმოჩნდა. "ბევრს არ შეუძლია საკუთარი უფლებები მსგავსი ხერხებით დაიცვას", - აღნიშნა ბოლოს მუსოლინიმ.
ხელოვანი
ახალგაზრდობაში ალესანდრა დეიდის - სოფი ლორენის დახმარებით მსახიობის კარიერის აწყობასაც ცდილობდა. ფილმმა "სპეციალური დღე", რომელშიც ალესანდრამ მარი ლუიზას მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, "ოქროს გლობუსი" მიიღო საუკეთესო უცხოური ფილმისთვის და "ოსკარზეც" იყო ნომინირებული. ამის შემდეგ ალესანდრა მუსიკამაც გაიტაცა. 1982 წელს პოპმუსიკის ჟანრში გამოუშვა ალბომი, სადაც შევიდა რომანტიკული სიმღერები. ალბომი იაპონიაში გამოვიდა და მას შემდეგ საკოლექციო ნივთი გახდა.
მუსოლინი აგრეთვე იყო ცნობილი მოდელი, მისი ფოტოები Playboy-ს ევროპულ გამოცემებშიც კი დაიბეჭდა. ალესანდრა ასევე მონაწილეობდა სატელევიზიო ფილმებში, თუმცა 1994 წელს კინო მიატოვა და მთლიანად პოლიტიკაში გადაბარგდა.
პოლიტიკური კარიერა
ალესანდრამ 1992 წელს მიაქცია ყურადღება პოლიტიკას. პოლიტიკური პარტია "ნაციონალური ალიანსიდან" იყრიდა კენჭს არჩევნებში, გაიმარჯვა და პარლამენტის წევრიც გახდა. 2003 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი პარტია "სოციალური ინიციატივა", რომელმაც სამი წელიც ვერ იარსება. ალესანდრა ნეაპოლის მერობის კანდიდატიც იყო, მაგრამ იქაც დამარცხდა.
2007 წლის ნოემბერში დიდი ხმაური გამოიწვია მუსოლინის სკანდალურმა გამოსვლამ - ალესანდრამ განაცხადა, რომ ყველა რუმინელი დამნაშავეა. ამან ევროპარლამენტში ნაციონალური კოალიციის "იდენტურობა, ტრადიცია, სუვერენიტეტი" დაშლა გამოიწვია, რომლის წევრიც თავად მუსოლინი გახლდათ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილისა და ყოფილი ფაშისტური პარტიის ლიდერის (რომელიც ამჟამად "ნაციონალურ კავშირად" იწოდება) ჯანფრანკო ფინის ისრაელში ვიზიტს დაემთხვა ალესანდრას კიდევ ერთი სკანდალური განცხადება. "არა მარტო ჯანფრანკო ფინიმ, არამედ მთელმა მსოფლიომ, ვატიკანისა და რომის პაპის ჩათვლით, ისრაელს პატიება უნდა სთხოვონ", - ასეთი აღმაშფოთებელი ინტერვიუ მისცა ცნობილი დიქტატორის შვილიშვილმა და პარლამენტის წევრმა ერთ-ერთ ჟურნალს.
ფინის პარტიის წევრია თავად ალესანდრაც და მისი განცხადება ისრაელში ფინის პირველი ვიზიტის გამოხმაურება იყო. მაშინ ფინი ისრაელში თავდაცვის სფეროში არიელ შარონის ხისტი პოლიტიკის მხარდასაჭერად ჩავიდა.
შეკითხვაზე, რას იტყოდა ბაბუამისი ფინზე, ალესანდრამ პასუხის გაცემა არ ისურვა. "არ მინდა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, იგი მკვდარია, მე კი სხვა ადამიანი ვარ. ჩემი ოჯახი ერთია, პოლიტიკა - სხვა", - ხაზი გაუსვა ალესანდრამ.
დუჩეს შვილიშვილი იტალიური წითელი ჯვრის საპატიო წევრიცაა. 2008 წლის იტალიური საერთო სახალხო არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრი და სილვიო ბერლუსკონის მოკავშირე გახდა. როცა ვატიკანმა ჰომოსექსუალიზმი და პედოფილია ერთმანეთს შეადარა, მუსოლინიმ მკაცრად გააკრიტიკა მისი პოზიცია და განაცხადა, რომ ამგვარი მიდგომა დიდ გაუგებრობას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობას.
ალესანდრა დღესაც სილვიო ბერლუსკონის დიდ მეგობრად მიიჩნევა. ძალიან სურდა, ბერლუსკონის ახალი მთავრობის წევრი გამხდარიყო და მის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. ალესანდრას კონკრეტული გეგმაც ჰქონდა - მინისტრის პორტფელი სურდა და საკუთარი ინტერესის გასამყარებლად სამუშაოს საძიებელი განცხადების ირონიული ფორმა აირჩია: მედიცინის დიპლომირებული სპეციალისტი მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის პრაქტიკით, შესანიშნავი საკომუნიკაციო შესაძლებლობებით, რომელიც სპეციალიზებულია სოციალურ პრობლემატიკაზე, აღჭურვილი მებრძოლი ტემპერამენტით და ეფექტური გარეგნობით, გთავაზობთ საკუთარ სამსახურს მინისტრის პოსტის დასაკავებლად. მოლაპარაკებებს კონფიდენციალური ხასიათი ექნება", - ნათქვამია დუჩეს შვილიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა საბოლოოდ ბერლუსკონიმ მას მინისტრობა არ არგუნა და უფრო ახალგაზრდა მარა კარფანია არჩია.
ცნობისთვის...
ალესანდრას პაპა ბენიტო მუსოლინი ცნობილი იტალიელი ფაშისტი, დიქტატორი, ფაშისტური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, რომელსაც მსოფლიო ასევე დუჩეს სახელით იცნობს. დუჩეს მგზნებარე პირადი ცხოვრება ჰქონდა. რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და უამრავი საყვარელი ჰყავდა. ალესანდრას მამა - რომანო მუსოლინი ბენიტოს მეორე ცოლისგან ეყოლა, რაკელე გუიდისგან, რომელიც მისი საყვარელი იყო და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბენიტოს ცოლი გახდა. რაკელემ დუჩეს ორი ქალიშვილი და სამი ვაჟი გაუჩინა, მათ შორის რომანო.
რომანო მუსოლინი ჯაზმენი, მხატვარი და კინოპროდიუსერი იყო. ბავშვობაში მამასთან ერთად ვიოლინოზე უკრავდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ჯაზმა სერიოზულად გაიტაცა. 1956 წელს სადებიუტო ალბომიც გამოუშვა, 1960-იან წლებში კი თავისი ჯაზბენდით გასტროლირებდა, ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც იყვნენ დიუკ ელინგტონი და დიზი გილესპი.
1962 წელს ანა ვილანი შიკოლონეზე იქორწინა - სოფი ლორენის ღვიძლ დაზე. ამ ქორწინებაში ეყოლა სწორედ ალესანდრა. როდესაც მისმა ქალიშვილმა ნეოფაშისტური პარტია "სოციალური ინიციატივა" დააარსა, რომანომ მისთვის ჰიმნი დაწერა. რომანოსვე ეკუთვნის 2004 წელს გამოცემული წიგნი "მამაჩემი, დუჩე".
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)