17 და 18 ივნისს, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, წისქვილის ეზოში სამეგრელო წარდგება. სტუმრებს მიეცემათ შესაძლებლობა საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული რეგიონი გაიცნონ – მოისმინონ და იხილონ მეგრული ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის ნიმუშები, დააგემოვნონ მეგრული სამზარეულო და ისიამოვნონ მრავალფეროვანი აქტივობებით.
მეგრულ კულტურას დამსწრე საზოგადოებას ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“ და რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჩელა“ წარუდგენენ. გამორჩეული სანახაობის პარალელურად სტუმრებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისიამოვნონ მეგრული სამზარეულოს ავთენტური გემოებით და დააგემოვნონ ქართული ღვინო.
წისქვილის ეზოში მოეწყობა მასტერკლასებიც და მსურველები მზარეულებთან ერთად გამორჩეულ მეგრულ კერძებს მოამზადებენ. სტუმრებს დახვდებათ გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი.
„ქართული კუთხეების ფესტივალზე“, ტრადიციულად, მოეწყობა საბავშვო ზონა, სადაც ბავშვები გასართობი აქტივობებით შეიქცევენ თავს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ადგილობრივებსა და უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობას აძლევს თბილისშივე ეზიარონ სხვადასხვა კუთხის კულტურასა და სამზარეულოს. ფესტივალის ფარგლებში, სტუმრების წინაშე უკვე წარდგნენ იმერეთი, სვანეთი და კახეთი. სამეგრელოს შემდეგ კი, თავის კუთხეს დამსწრე საზოგადოებას რაჭა, გურია და აჭარა გააცნობს.
„ქართული კუთხეების ფესტივალზე“ მეტის გასაგებად ეწვიეთ „წისქვილის“ ფეისბუქ გვერდს, 17-18 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების დეტალებისთვის კი გადადით მოცემულ ბმულზე.
NS