ავტორი:

"ფაქტორები, რომლებმაც 13 ივნისის ტრაგედია გამოიწვია, არ აღმოგვიფხვრია... კვლავ დაუცველი ვართ" - რა უნდა გაკეთდეს, რათა ვერეს ხეობაში მორიგი კატასტროფა თავიდან ავიცილოთ?

"ფაქტორები, რომლებმაც 13 ივნისის ტრაგედია გამოიწვია, არ აღმოგვიფხვრია... კვლავ დაუცველი ვართ" - რა უნდა გაკეთდეს, რათა ვერეს ხეობაში მორიგი კატასტროფა თავიდან ავიცილოთ?

თბილისის 13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. წყალდიდობამ მდინარე ვერეს ხეობაში 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა, უგზოუკვლოდ დაიკარგა რამდენიმე ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი - ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. თბილისელებს ახსოვთ ქუჩაში მოსეირნე დათვები, მგლები, ვეფხვები და ბეჰემოთი. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია. მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ექსპერტი, პროფესორი კონსტანტინე მჭედლიშვილი გვეუბნება, თბილისს სამი ასეთი კატასტროფა ახსოვს (1903, 1961 და 2015 წლების, როცა ადიდებულმა ვერემ დატბორა ყველაფერი, მათ შორის ზოოპარკიც). ჩვენი რესპონდენტი კატასტროფის მიზეზებსა და მომდევნო წლებში მისი თავიდან აცილების საშუალებებზე გვესაუბრება:

- ფაქტორები, რომლებმაც 13 ივნისის ტრაგედია გამოიწვია, არ აღმოგვიფხვრია და არც გადამწყვეტი ღონისძიებები გაგვიტარებია, კვლავ დაუცველი ვართ. ჩვენი ხელმძღვანელობა მინდობილია იმას, რომ კატასტროფული ღვარცოფული ჩამონადენები დაახლოებით 50-60 წელიწადში მეორდება. ვერეს ხეობაში პირველი კატასტროფა 1903 წელს მოხდა. იმხანად ვერეს ხეობაში (დღევანდელი გმირთა მოედნის ტერიტორიაზე და მის ზემოთ) გაშენებული იყო მოქალაქეთა ბაღ-ბოსტნები, ვენახები და ეგზოტიკური მწვანე ბაღ-რესტორნები.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ თბილისში ყველაზე სახიფათო ორი მდინარე გვაქვს - წავკისის წყალი და მდინარე ვერე. წავკისის წყალი ღრმად ჩაჭრილ კლდოვან კანიონში მიედინება და გადის ბოტანიკურ ბაღში, იქიდან აბანოთუბანში (უკვე დაბახანის ხევის სახელით) და შემდეგ უერთდება მტკვარს. დაკვირვების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 50-60 წელიწადში ერთხელ უძლიერესი თავსხმა წვიმების დროს აუზში კატასტროფული წყალმოვარდნა იცის. ერთი 1953 წელს იყო, როცა გოგირდის აბანოებში ბევრი ადამიანი დაიხრჩო.

ვერეს გაცილებით მეტი მოცულობისა და ღვარცოფული წყალმოვარდნა ახასიათებს, რადგან მისი ვიწრო ხეობა თითქმის 40 კმ სიგრძისაა. იქ ტყეც დეგრადირებულია - ძველი, 200-300-წლოვანი ხეები თითქმის აღარ გვხვდება, არის შედარებით ახალგაზრდა ხეები, რომელთაც კოკისპირული წვიმებისგან წამოსული წყლის ნაკადის დიდი ნაწილის შეკავების უნარი არ შესწევთ. წყალი ფერდობებიდან ხევში ჩაედინება, ტიხნარ გრუნტს რეცხავს, მოაქვს ლოდები, მოთხრილი ბუჩქები, ქვები, ხეები და წარმოიშობა ღვარცოფული, ანუ სელური ნაკადი.

პირველი კატასტროფის დროს, 1903 წელს, მხოლოდ ბაღ-ბოსტნები და ბაღ-რესტორნები წაილეკა. იმხანად დღევანდელი გმირთა მოედნის ტერიტორიიდან ვერის ხეობაზე გადავდიოდით 4-მალიანი ხიდით, რომელიც XVII საუკუნეში აშენდა და დაახლოებით წითელი ხიდის კონფიგურაციის იყო, აგურისგან აშენებული და სპარსული ყაიდის. მისმა მშენებლებმა გაითვალისწინეს მდინარე ვერეს ხასიათი, რომ მას, როგორც ყველა მთის მდინარეს, აქვს სამი ზონა - აქტიური, ნეიტრალური და პასიური (მტკვრის შესართავთან). აქტიურია იმ ნაწილში, სადაც კოკისპირული წვიმები ფერდობებიდან გრუნტსა და ქვებს ჩამორეცხავს ხოლმე, მცენარეებს გლეჯს. ნეიტრალურ ზონაში მყარი ნატანი არ ჩერდება, მოძრაობს. პასიურ ზონაში ფსკერის გრძივი ქანობი იმდენად მცირეა, რომ წყალი კარგავს ენერგიას და მყარი ნატანი ამ ზონის ტერიტორიაზე რჩება. სწორედ ეს პასიური ზონაა ვერეს ქვედა ნაწილი, მტკვართან შესართავიდან დაახლოებით 1 კმ მანძილზე. ამ ადგილას სახლი არასდროს არავის აუშენებია, მხოლოდ ბაღჩები იყო. ადრინდელი კატასტროფების დროს ღვარცოფული ნაკადი ხიდმა გაატარა - მაშინდელმა ოსტატებმა იცოდნენ, რომ ეს არის პასიური ზონა, აქ დიდი რაოდენობის ნატანი მოდის და 4-მალიანი ხიდიც ამიტომ გააკეთეს.

XX საუკუნის მეორე კატასტროფა 60-იანი წლების დამდეგს მოხდა. 30-იან წლებში გაიჭრა სადგურის ქუჩიდან მომავალი გზა, შემდეგ აშენდა ჩელიუსკინელების ხიდი, საბურთალო განივი კავშირით დაუკავშირდა მტკვრის მარცხენა ნაპირს და შეიქმნა გმირთა მოედანი. მის პირველ პროექტში ჩადებული იყო მაღალი რკინაბეტონის თაღოვანი ხიდი, რომელმაც გადაფარა აგურის ძველი ხიდი. 70-იან წლებამდე, სანამ მოედნის რეკონსტრუქცია არ დაიწყო, ახალ ხიდზე გავლისას ძველი ხიდიც ჩანდა. ამ ზონაში მაშინაც არ იყო შენობა-ნაგებობებიI. მერე აშენდა 300-მეტრიანი გვირაბი, რომელიც გმირთა მოედნის ქვეშ გადის, მტკვრის კალაპოტში მრგვალი თაღით გამოდის და ვერეს ხეობიდან გამოსული წყალი მტკვარს უერთდება. დღეს გვირაბის დიდი ნაწილი გამოვსებულია მყარი ნატანით, რომელიც მუდმივად მოაქვს ვერეს. ვერც მაშინდელმა და ვერც ახლანდელმა ქალაქის ხელმძღვანელობამ საფრთხე ვერ დაინახა და გვირაბი არ გასუფთავებულა.

ვერეს ხეობის ბოლო სამი კატასტროფა გვიჩვენებს, რომ სამივე 50-60 წლის ინტერვალით მოხდა. საერთოდ, მდინარეებს კატასტროფული ჩამონადენები იშვიათად ახასიათებს, ნაკლებად კატასტროფული - უფრო ხშირად, ყოველწლიურად კი გაზაფხულსა და შემოდგომაზე იცის მოდიდება. მაგალითად, ახლა ვერეში წლიური საშუალო ხარჯი წამში 1 კუბური მეტრია, კატასტროფული ხარჯის დროს წამში 400-500 კუბური მეტრი წყალი მოედინება.

- თავის დროზე კატასტროფის მიზეზად გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა და მდინარე ვერეს გოფრირებულ მილებში ჩაკეტვა სახელდებოდა...

- 2015 წლის კატასტროფას კომპლექსური მიზეზები ჰქონდა: 1. ვერეს ხეობაში, რომელიც 40 კმ და მეტი სიგრძისაა ბეთანიამდე, უსისტემო გაჩეხისგან ტყე დეგრადირებულია და იმდენ წყალს ვერ აკავებს, რამდენსაც ადრე აკავებდა; 2. 1958 წელს, როდესაც ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი საავტომობილო მაგისტრალი აშენდა და იყალთო-ბახტრიონის გორა გაიჭრა, იქიდან ამოჭრილი მასა, რომელიც თიხოვანი ფიქლებისა და ქვიშაქვისგან შედსგებოდა, ვერეს ხეობაში ჩაყარეს, ჩადეს დიდი დიამეტრის 120 მ სიგრძის მრგვალი მილი და ზემოდან ქუჩა გაიყვანეს. როცა ვერეს ხეობაში ერთ-ერთი ფერდობი დაიმეწყრა, უზარმაზარი თიხნარი გრუნტი ჩამოცურდა თავისი ქვებით, ბუჩქნარითა და ხეებით. მოდიდებულმა მდინარემ ეს ყველაფერი წამოიღო და მილი გაჭედა და წყლის დონემ 8-9 მეტრით აიწია. გააგრძელეთ კითხვა