ავტორი:

რუსეთში აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - ვინ არის დაკავებული და რაში სდებენ ბრალს?

რუსეთში აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - ვინ არის დაკავებული და რაში სდებენ ბრალს?

მოსკოვში აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე, ჯგუფ "Лови ночь" -ის ვოკალისტი მაიკლ ტრევის ლიკი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ის, სულ მცირე, მეოთხე ამერიკელია, რომელიც ბოლო დროს რუსეთში სხვადასხვა სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, ის ეჭვმიტანილია მეფედრონის, MDMA-ს მსგავსი წამლის გაყიდვაში. დაკავებულს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი მასშტაბით დამზადების, რეალიზაციის ან გადაცემის მუხლით წარედგინა.

სასამართლოს ცნობით, მანამდე ამ საქმეზე მისი ნაცნობი რუსი ქალბატონი ვალერია გრობანიუკი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რუსული ტელეკომპანია Ren TV-ის ცნობით, 6 ივნისს პოლიციამ მოსკოვში მუსიკოსის ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინა "სასწორები, სპეციალური პაკეტები, ელექტრო ლენტი, ასევე უცნობი წარმოშობის ნივთიერებები“. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

"არ მესმის, რატომ ვარ აქ. არ ვაღიარებ დანაშაულს, არ მჯერა, რომ შემეძლო იმის გაკეთება, რაშიც მადანაშაულებენ, რადგან ისიც არ ვიცი, რაში მადანაშაულებენ“ - ციტირებს მომღერალს რუსული მედია.

მომხდარზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იციან აშშ-ის მოქალაქის დაკავების შესახებ.

მედიის ცნობით, ლიკი 51 წლისაა, ის რუსეთში, დაახლოებით, 10 წელია ცხოვრობს, არის ყოფილი მედესანტე, ახლა კი რუსული ჯგუფის ვოკალისტი.

  • სხვა დაკავებულები

მარტის ბოლოს ეკატერინბურგში დააკავეს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. რუსეთის FSB ირწმუნება, რომ გერშკოვიჩი "დაკავებული იყო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებით, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს".

2020 წლის ზაფხულში, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ ვილანი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ბრალს არ აღიარებს და პროცესს პოლიტიკურს უწოდებს.

შეერთებულმა შტატებმა გერშკოვიჩი და ვილანი უკანონო პატიმრებად გამოაცხადა.

გერშკოვიჩი, გრინერი და ვილანი

გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში შეერთებულ შტატებში დაბრუნდა ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი, რომელსაც მანამდე რუსეთის სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გრინერი გაასამართლეს რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით. მოგვიანებით კი შტატებმა სპორტსმენი რუს ვიქტორ ბუტში გაცვალა, რომელიც აშშ-ში მსჯავრდებული იყო.