"მთავარი არხის" ეთერში გუშინ გავიდა ბექა ყორშიას სიუჟეტი, რომელშიც ის ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნულ პრეზიდენტს, როინ მეტრეველს და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩევლი, ვინმე აკა მამაცაშვილი. მან მეტრეველს არაფორმალურად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, რაზეც როინ მეტრეველს უარი არ უთქვამს.
"ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია... ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიოთ, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან", - მიუგო მეტრეველმა ბექა ყორშიას მისი თხოვნის საპასუხოდ.
ამ სიუჟეტზე სასაუბროდ ambebi.ge ბატონ როინ მეტრეველს დაუკავშირდა, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
"ეს იმხელა სისულელე და აბსურდული რაღაცაა, არ ღირს ამაზე მსჯელობა, ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდება, რაც არის... ასე რომ, მაგაზე ნუ შეწუხდებით და ნუ მიაქცევთ ყურადღებას, არ მინერვიულია, გამობრძმედილი კაცი ვარ, არ გინდათ ამაზე ყურადღების გამახვილება, თავი დაანებეთ... კარგად ბრძანდებოდეთ".
მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
"83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია", - წერს "ფეისბუქში" ლევან იოსელიანი.