ავტორი:

"მან ეს დაიმსახურა" - სოროსმა თავისი 25-მილიარდიანი ქონება 5 შვილიდან ერთ-ერთს - 37 წლის ვაჟს გადაულოცა

"მან ეს დაიმსახურა" - სოროსმა თავისი 25-მილიარდიანი ქონება 5 შვილიდან ერთ-ერთს - 37 წლის ვაჟს გადაულოცა

92 წლის ბიზნესმენმა, ჯორჯ სოროსმა თავისი 25-მილიარდიანი ქონება ვაჟს, ალექსს გადაულოცა. მამის თქმით, მან ეს დაიმსახურა. ალექსი, სოროსის 5 შვილიდან, რიგით მეოთხე შვილია და 37 წლისაა. ის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და ერთადერთია სოროსების ოჯახიდან, ვინც Soros Fund Management-ის საინვესტიციო კომიტეტის წევრია.

ჯორჯ სოროსი უკვე მრავალი წელია, რაც აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია. ამასთანავე, სოროსის დაარსებული Open Society Foundations (OSF) 120-ზე მეტ ქვეყანაში ლიბერალური მიზნების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად წელიწადში 1.5 მილიარდს ხარჯავს.

Wall Street Journal-თან ინტერვიუში ალექსმა განაცხადა, რომ ის მამაზე მეტად პოლიტიკურია და დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტად კენჭის ყრას შეეწინააღმდეგება.

  • "იმის მიუხედავად, რომ ძალიან მინდა, ფული პოლიტიკის გარეთ დარჩეს, თუ მას მოწინააღმდეგე მხარე იყენებს, მაშინ ჩვენც უნდა გამოვიყენოთ",- ამბობს ალექს სოროსი ინტერვიუში.

ალექს სოროსი ჰიპ-ჰოპის ფანი და ამერიკული ფეხბურთის გუნდის, New York Jets-ის გულშემატკივარია. ის ცნობილია აქტიური ცხოვრების სიყვარულით და ხშირად ესწრება ცნობილი ადამიანების წვეულებებს კანსა და ჰემპტონში. მან ასევე ამაზონის შორეულ მხარეებში იმოგზაურა, რათა Global Witness-ის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიაში შეერთებოდა.

  • "ჩვენი მხარე უფრო პატრიოტული და ინკლუზიური უნდა იყოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ტრამპს აძლევს ხმას, ისინი გზააბნეულებად ან რასისტებად არ უნდა შევრაცხოთ",- განუცხადა გაზეთს ალექს სოროსმა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა