რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თითქმის არასდროს საუბრობს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, ბავშვობაზე, განსაკუთრებით ბუნდოვანი კი 10 წლამდე პერიოდია.
რუსეთის დიქტატორის წარსულის შესახებ, დღემდე ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგალითად, კითხვები არსებობს იმის შესახებ თუ ვინ იყვნენ რეალურად მისი მშობლები. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი დროის ტირანის დედა ვერა პუტინა იყო, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და რამდენიმე დღის წინ, 2023 წლის 31 მაისს, 96 წლის გარდაიცვალა.
ვერა პუტინა, რომელიც მეტეხში ცხოვრობდა, ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნამდვილი დედა იყო.
არსებული ინფორმაციით, წლების წინ, როდესაც ვერამ განაცხადა, რომ პუტინი მისი შვილი იყო, მასთან სახლში კგბ-ს თანამშრომლები მივიდნენ, წაიღეს ბავშვობაში გადაღებული ორიგინალი ფოტოები და უბრძანეს გაჩუმებულიყო.
ქალმა პირველად 1999 წელს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ბიოლოგიური დედაა და შვილთან განშორება მაშინ მოუწია, როცა ვლადიმერი პატარა იყო.
თავად პუტინი საკუთარ ბიოგრაფიაში წერს, რომ იგი დაიბადა და გაიზარდა სანკტ-პეტერბურგში, ქარხნის მუშისა და ყოფილი სამხედროს ოჯახში. ორივე მშობელი, მისი თქმით, 1990-იანი წლების ბოლოს, სიმსივნით გარდაიცვალა.
ვერა ნიკოლაევნა პუტინა დაიბადა 1926 წლის 6 სექტემბერს, რუსეთში, ოკიორსკში. ქალი ამბობდა, რომ უნივერსიტეტში სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის ფაკულტეტზე სწავლისას შეუყვარდა მექანიკოსი პლატონ პრივალოვი, რომლისგანაც დაორსულდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მისი შეყვარებული უკვე დაქორწინებული იყო და ის მათი საერთო შვილის მოპარვას აპირებდა, რადგან ცოლს დაორსულება არ შეეძლო.
ვერას თქმით, მისი ვაჟი, მეტსახელად "ვოვა", დაიბადა 1950 წლის 7 ოქტომბერს. ეს არის ვლადიმერ პუტინის დაბადების ოფიციალურ თარიღამდე ორი წლით ადრე პერიოდი.
ბიჭი სიღარიბეში იზრდებოდა ქართულ სოფელ მეტეხში. ვერა მეტეხში ქართველ კაცზე იყო დაქორწინებული. როგორც ცნობილია, ბიჭს მამინაცვალი სასტიკად ექცეოდა.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ვერა პუტინას ვაჟი რეგისტრირებული იყო ახლომდებარე სკოლაში 1959-1960 წლებში, ხოლო 2008 წელს ადგილობრივმა ყოფილმა მასწავლებელმა შურა გაბინაშვილმა The Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭს რუსული ენის გაკვეთილებს უტარებდა. ”მას უყვარდა რუსული ზღაპრები და მისი საყვარელი საგანი რუსული იყო. ბიჭს ასევე უყვარდა თევზაობა და ჭიდაობა", - იხსენებდა პედაგოგი.
ვერას ქართველ ქმართან გიორგი ოსეფაშვილთან შვილები შეეძინა, რის შემდეგაც, კაცი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ვოვა მიეტოვებინათ. ამიტომ ქალმა შვილი, რომელიც მაშინ ცხრა წლის იყო, მშობლებთან რუსეთში გაგზავნა. თუმცა ერთი წლის შემდეგ ბიჭი ბაბუამ ბავშვთა სახლში ჩააბარა.
მოგვიანებით ვერა ამბობდა, რომ პუტინი სანკტ-პეტერბურგელმა "მშობლებმა“ იშვილეს, რომლებიც 40 წლის იყვნენ და მათ ორი გარდაცვლილი ვაჟი ჰყავდათ.
ვერამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მისი ვაჟი კგბ-ს შეუერთდა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ შვილს ვერასოდეს ნახავდა. 1999 წელს, ახალი ამბების ყურებისას ქალმა რუსეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მაშინვე იცნო შვილი, სიარულის მანერით - "იხვივით დადიოდა", იხსენებდა ვერა მედიასთან საუბრისას.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი ცდილობდა ვერა პუტინას გაჩუმებას, ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმაც, რომ ორი ჟურნალისტი, რომლებიც ქალისგან ინტერვიუს აღება გეგმავდნენ, იდუმალ ვითარებაში დაიღუპნენ. პირველი გახლდათ რუსი არტიომ ბოროვიკი, კრემლის ცნობილი კრიტიკოსი, რომელიც იმ დროს პუტინის ბავშვობის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა, ის 2000 წლის 9 მარტს შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მეორე, იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსო, ჩეჩნეთის მეორე ომის გაშუქებისას მოკლეს.
რუსული წარმომავლობის ამერიკელი ისტორიკოსი იური ფელშტინსკი, "კორპორაცია, რუსეთი და კგბ პრეზიდენტ პუტინის ეპოქაში“ (2009) თანაავტორი ვარაუდობს, რომ ვერა პუტინას ისტორიამ შეიძლება ახსნას, თუ რატომ იყო რუსეთის პრეზიდენტი ასე ერთგული კგბ-ს მიმართ.
”ბავშვობაში მშობლის სითბოს მოკლებულმა პუტინმა, KGB-ს მიმართა, რათა ახალი ოჯახი ეპოვა და ანგარიში გაესწორებინა იმ სამყაროსთვის, რომელმაც გაწირა.”
2008 წელს The Daily Telegraph-ს ვერა პუტინა ესაუბრა. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
"მე ვამაყობდი, რომ მყავდა შვილი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ომის შემდეგ კი მე მრცხვენია", - ამბობდა ვერა პუტინა.
საინტერესო დეტალები
ვერა პუტინა იხსენებდა, რომ ბავშვობაში მის შვილს უყვარდა თევზაობა, კითხვა, განსაკუთრებით რუსული იგავ-არაკები და წერა. საინტერესოა, რომ პუტინს შეეძლო გაბრაზებულიყო, როცა ჭიდაობდა, ის ძალიან მძაფრად რეაგირებდა წაგებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მეზობლის ქათმებს დასდევდა და აწვალებდა, ის ძირითადად მშვიდი ბიჭი იყო. მამინაცვალი გიორგი არასოდეს სცემდა რუსეთის მომავალ პრეზიდენტს, მაგრამ შეეძლო ხმამაღლა ეყვირა, ეძახდა "ნაძირალას" და სახლიდან ხშირად აგდებდა.
პუტინი 9 წლის იყო, როდესც ვერამ ის მშობლებთან გაგზავნა. თუმცა, მოხუცები ავად იყვნენ და ბიჭის მოვლა ვერ შეძლეს. ბავშვთა სახლში ჩაბარების შემდეგ ვერამ მასთან კონტაქტი დაკარგა, ბოლოს კი გაიგო, რომ კგბ-ში იყო.
ვერა პუტინა ოცნებობდა, რომ მისი შვილი მეტეხში ჩასულიყო. ქალს უნდოდა ბოდიში მოეხადა და ეთქვა, რომ არ სურდა მისი მიტოვება.