ბევრი ვიშვიშისა და საკანონმდებლო ინიციატივების მიუხედავად, მაწანწალა ძაღლების პრობლემა ვერ მოგვარდა. საქართველოს რამდენიმე ქალაქში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. თითქოს ვეძებთ გზებს პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. ამ საკითხზე ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე საუბრობს:
- ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოების მონაცემებით, მსოფლიოში 500 მილიონი ძაღლიდან 75%-მდე მაწანწალაა. უამრავი მაწანწალა ძაღლია აზიის ქვეყნებში... ევროპა, განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილი თავისუფალია მაწანწალა ძაღლებისგან, იმიტომ, რომ დიდი ხანია ეს პრობლემა მოაგვარეს.
- როგორ?
- ვაქცინაცია, სტერილიზაცია და ზოგიერთ შემთხვევაში, ევთანაზია. მაგრამ შეუძლებელია ეს ყველაფერი უცბად მოხერხდეს. ამდენი ძაღლის სტერილიზაციას დიდი რესურსი და დრო სჭირდება. სტერილიზებული ძაღლები ჩვეულებრივად იცოცხლებენ. ვერ გამრავლდებიან და როდესაც მოუვათ დრო, დაიღუპებიან.
მნიშვნელოვანი საკითხია მიტოვებული ძაღლებიც. ბოლო დროს ბევრი ჯიშიანი ძაღლი მხვდება ან მაწანწალა ძაღლების ჯგუფებში, ან ცალკე, დამოუკიდებლად. აშკარაა, მიტოვებულია ან გამოგდებულია, ან გამოპარული. ზოგიერთ ძაღლს უყვარს გაქცევა. ამიტომ საჭიროა მათი თვალყურის სადევნი საშუალება. უნდა იყოს ძაღლების იდენტიფიკაციის საშუალებაც.
- ყურზე სანიშნე ხომ აქვთ?
- მე ჯიშიანი ძაღლების იდენტიფიკაციას ვგულისხმობ. ყველა ძაღლი დაჩიპული უნდა იყოს, პატრონიანიც და უპატრონოც. სანიშნიანი ძაღლი ნიშნავს, რომ სტერილიზებული და აცრილია, მაგრამ აცრა რა ინტენსივობით უტარდებათ, არ ვიცი. საიდან შეიძლება ცოფი წამოსულიყო, ამასაც დადგენა სჭირდება... ადრე ტარდებოდა პერორალური ვაქცინაცია, მათ შორის გარეული ცხოველებისაც - კაფსულებს ხორცის ნაჭრებში დებდნენ და აგდებდნენ. დღესაც არის სხვადასხვა ღონისძიება, მაგრამ უნდა გაანალიზდეს, იყო თუ არა ეფექტური გატარებული ღონისძიებები.
ევროპელებს დიდი დრო დასჭირდათ მაწანწალა ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად. საამისოდ საჭირო იყო თავშესაფრები, განსაკუთრებით კერძო. ჩვენთანაც არის კერძო თავშესაფრები, მაგრამ თითოეული განსაზღვრულ სტანდარტებს უნდა ექვემდებარებოდეს. მნიშვნელოვანია, რა ტერიტორიაზე რამდენი ცხოველი იქნება მოთავსებული, როგორ იქნებიან ერთმანეთისაგან იზოლირებული, როგორ ხდება მათი მენეჯმენტი, ვგულისხმობ ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადების მიხედვით. გარდა ამისა, რა ხდება, თუკი ძაღლი დაიღუპება.
- თავშესაფრებიც ძალიან ცოტა გვაქვს.
- ასეა. გარდა ამისა, ამ ბოლო დროს სადღაც მოაგროვებენ უამრავ ძაღლს (ვიცი ასეთებიც), მაგრამ მერე? ძაღლების კონცენტრაცია ხომ სხვადასხვა დაავადების გაჩენის წყაროა? სადაც დიდი კონცენტრაციაა, დაავადებები იქ გაცილებით ინტენსიურად ვრცელდება. ამიტომ ასეთი პარტიზანული, შეუსაბამო, თავშესაფარს ვერ დავარქმევ, ძაღლების კონცენტრაციის შექმნა კარგს არაფერს მოიტანს. ყველა თავშესაფარი უნდა ექვემდებარებოდეს ლიცენზირებას...წაიკითხეთ სრულად
წაიკითხეთ ასევე: