ავტორი:

"10-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნდა ლია პარკაული... ღირსეულად დახვდა საპატრულო პოლიცია" - აშშ-ში გარდაცვლილი მაიორი სამშობლოში ჩამოასვენეს (ვიდეო)

"10-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნდა ლია პარკაული... ღირსეულად დახვდა საპატრულო პოლიცია" - აშშ-ში გარდაცვლილი მაიორი სამშობლოში ჩამოასვენეს (ვიდეო)

ქართველი ემიგრანტი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული, რომელიც ამერიკაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის აეროპორტში მას ახლობლები და ყოფილი კოლეგები დახვდნენ. კადრებს ადგილიდან ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ავრცელებს.

"10 წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნდა ლია პარკაული... ღირსეულად დახვდა საპატრულო პოლიცია, ესკორტმა გააცილა შინ პოლიციის მაიორი.." - წერს ქევხიშვილი.

მაიორი ლია პარკაული 1987 წლიდან 2013 წლის 8 ოქტომბრამდე შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მსახურობდა. მისი საქმიანობა სს სამძებრო განყოფილებიდან დაიწყო (სადაც გამომძიებლად მუშაობდა), პრეზიდენტის ესკორტში გაგრძელდა და საპატრულო პოლიციაში ათწლიანი სამსახურით დასრულდა. ბოლო წლებში ის ვაკე-საბურთალოს რაიონში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა და ამ სფეროში პიონერი ქალი იყო.

ლია პარკაული ქვეყნის დატოვებამდე იმჟამინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის მედლით - "20 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის" დააჯილდოვა.

გამოცდილმა პოლიციელმა საქართველოს შს სამინისტროს უწყებიდან წასვლა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ სფეროში საქმიანობის გაგრძელების მიზნით გადაწყვიტა, 2013 წელს საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა.

როგორც რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლალი პარკაული ამბობდა, მის დას ასთმა აწუხებდა.

"ის მოწოდებით პოლიციელი იყო. ბოლო დროს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, ასთმა აწუხებდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა ალერგიულ ფონზე, განსაკუთრებით გაზაფხულ-შემოდგომაზე უმწვავდებოდა მდგომარეობა. ლიკას ჩამოსვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ... უბედურება ისაა, სახლში არავინ იყო, რომ მიხმარებოდა. ნაქირავებ ბინაში ორნი ცხოვრობდნენ, მეორე ქალბატონი დილით დაბრუნდა სამსახურიდან და ლიკა გარდაცვლილი დახვდა. ჩემი და აივანზე ნახეს, თითზე სატურაციის აპარატი ეკეთა და მეორე ხელში „სალბუტამოლის“ აეროზოლი ეჭირა. ეტყობა, თვითონ შეისხურა, მაგრამ არ უშველა. ლიკას ერთი წლის წინაც ჰქონდა შეტევა, ქუჩაში იყო მეგობრებთან ერთად, მათ დროულად გამოიძახეს სასწრაფო და უშველეს. ახლა რადგან მარტო იყო, ვერავინ დაეხმარა. ლიკა ერთ ოჯახში მუშაობდა, საბუთები ვერ გააკეთა, რადგან ძვირია, თან დიდი დროც უნდა. დიდხანს დარჩენას აღარ აპირებდა, სადღაც 1 - 2 თვეში უნდა წამოსულიყო. ლიკას უყვარდა სიურპრიზები, ვფიქრობ, წინასწარ არც გვეტყოდა, ისე დაგვადგებოდა თავზე" - გვითხრა გარდაცვლილი მაიორის დამ.