ავტორი:

"ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები... კანონს ხომ ვერ დავარღვევთ?" - შს მინისტრის მოადგილე ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლაზე

"ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები... კანონს ხომ ვერ დავარღვევთ?" - შს მინისტრის მოადგილე ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლაზე

ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შს სამინისტრო მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის.

დარახველიძე აცხადებს, რომ დეკანოიძეს წერილით მიმართეს, ამ ინფორმაციის გაცემისთვის კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი წარმოადგინოს.

"ყველამ იცით, რას ნიშნავს სადეპუტატო შეკითხვა, მისი პასუხი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებ-გვერდზე და ეს არის აუცილებლად ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირია თანახმა ან კანონით განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. ჩვენ ხატია დეკანოიძეს მივმართეთ წერილით, ავუხსენით ეს საკანონმდებლო ჩარჩო და ვთხოვეთ, წარმოედგინათ შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი, რაც მოგვცემდა საშუალებას, რომ გავასაჯაროოთ კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები.

პერსონალური მონაცემები გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიცირებას თუ ახდენს სახელმწიფო უწყება და კონკრეტულ ფაქტს ადასტურებს, მაგალითად, საზღვრის კვეთისას, ეს არის პერსონალური მონაცემები. ამ მონაცემების გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ, რაც გვიწერია კანონში, იმის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ხომ უარი არ გვითქვამს? - ვუთხარით, რომ დაგვისაბუთოს საკანონმდებლო და ლეგიტიმური მიზანი. ეს არის პერსონალური მონაცემები, რომლის გასაჯაროების უფლებაც გვაქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში,“ - განაცხადა დარახველიძემ.

ინფორმაციისთვის, ხატია დეკანოიძემ შს სამინისტროს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია, როდის და საიდან გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რამდენ თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდნენ ქვეყანაში. მისი თქმით, უწყება კითხვებზე ინფორმაციას არ აძლევს.