ავტორი:

"ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მმართველი პარტიის თუ სამთავრობო ლიდერები წავიდნენ და..." - ევროპარლამენტართა მწვავე კრიტიკა და ევროპული პერსპექტივა: საით მიდის საქართველო?

"ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მმართველი პარტიის თუ სამთავრობო ლიდერები წავიდნენ და..."  - ევროპარლამენტართა მწვავე კრიტიკა და ევროპული პერსპექტივა: საით მიდის საქართველო?

8 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა გაიმართა, რომელზეც "ქართული ოცნების“ დეპუტატებს ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთი საყვედურის მოსმენა მოუწიათ. ევროპარლამენტარების ნაწილმა "ოცნებას“ ანტიდასავლური რიტორიკისა და პოლარიზაციის სხვაზე გადაბრალების ნაცვლად, "სარკეში ჩახედვა" ურჩია.

"საქართველო ახლა იმყოფება გზაჯვარედინზე, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა და ქვეყნის მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ მიმართულებას შორის: ერთი მიდის მომავალში, ევროკავშირში, მეორე მიდის უკან, წარსულში. არჩევანი თქვენზეა... ძალიან ვწუხვარ, თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება - ნუ ადანაშაულებთ სხვებს! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად!“ - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა "ქართული ოცნების“ წევრს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს, რომლის თქმითაც, ის განცხადებები, რაც მან მოისმინა შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელი, ზოგი განცხადება კი პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

"ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს და ასე რომ, ცალმხრივად ვერ მიიღებ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩაფრენის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება თავისთავად ორმხრივი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა განაცხადა.

მისი თქმით, მოწოდებები იმის შესახებ, რომ ფრენები არ შეწყვეტილიყო, უკრაინაში ომამდე და რუსეთის აგრესიამდე იყო. ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო.

"თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი. პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მხოლოდ ნატო-ს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან სრული სიცრუე, იმიტომ, რომ 2008 წლიდან, გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან, რომელიც ეხებოდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად. ასე რომ, ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის”, - აღნიშნა ლუკ დევინმა.

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის ანალიზი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ვთხოვეთ.

"ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რაც მოვისმინეთ, ჯერჯერობით ყველაფერი ნეგატიურია. კრიტიკას რა უშავს, მაგრამ ის, რომ საქართველოს მთავრობა არ ცნობს არანაირ კრიტიკას და ყველაფერზე თავის მართლების და იქეთ დადანაშაულების პოზიცია აქვს - თქვენ არ ხართ მართლებიო, ესაა უბედურება. ასე რატომ მოიკლავენ თავს და რატომ მოგვცემენ სტატუსს, საინტერესოა. როგორც კალიურანდმა თქვა, სრულიად შესაძლებელია, ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა მართლაც დაიხუროს. ახლა დაჩქარდა ჩვენთვის პერსპექტივის მინიჭება იმის გამო, რომ ძალიან გართულდა უკრაინაში კონფლიქტი - უკრაინა გადადის კონტრშეტევაზე და რაც უფრო წინ წაიწევს და გამარჯვებისკენ წავა, მით უფრო მომთხოვნი გახდება ჩვენს მიმართ ევროკავშირიც. ჩვენს ხელისუფლებას რაც შეეხება, ის ისეთ პოზიციებზე დგას, მგონია, მაინც და მაინც არც უნდა სტატუსი. უბრალოდ, მათ როგორმე უნდა შექმნან იმის ილუზია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის, მაგრამ ევროკავშირმა გვიღალატა, ეს არის მათი სტრატეგია, რომელიც გათვლილია მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც კარგად გაცნობიერებული არ არის და ჰგონიათ, რომ ამით გაიმყარებენ ამომრჩევლის მხარდაჭერას.

აღარ მაქვს იმის იმედი, რომ ეს ხელისუფლება პოზიციას შეცვლის ან რაიმე თუ შეაჩერებს, მან ძალიან შორს შეტოპა. ერთადერთი, გამოსავალი არის ის, რომ ლიდერები წავიდნენ - როგორც საპარლამენტო, ისე პარტიული და სამთავრობო, გადადგნენ და ისინი ჩაანაცვლოს ამ კონტექსტში უფრო ნაკლებად დისკრედიტირებულმა ხალხმა, რომელიც ანტიევროპული გამონათქვამებით და ნახევრად დიქტატორული ტონით არ გამოირჩევა. ერთადერთი საშველი ისაა, "ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად თუ განაახლა შემადგენლობა, მაგრამ ძნელი იქნება მას შემდეგ, რაც ვხედავთ, რომ ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანმა დატოვა "ოცნება“.... დარჩა, პრაქტიკულად, ერთი რაღაც რუხი მასა, რომელიც არაფრის შემცვლელი არ არის. ერთადერთი, ისინი ივანიშვილის ბრძანების შედეგად თუ გადადგებიან, მაგრამ ივანიშვილი რომ მათ გადააყენებს, ვისით უნდა ჩანაცვლდნენ, აღარავინ ჰყავთ მოაზროვნე.

კუჭავას რამდენად უნდა პოლიტიკაში დაბრუნება, არ ვიცი, ყიფიანს და მის გარშემო მყოფ ადამიანებს რაც შეეხება, ასეთი შანსი არსებობს, მაგრამ ყიფიანი პოლიტიკურ ასპარეზზე არასდროს გამოსულა და რამდენად შეცვლის რამეს, არ ვიცი. თუ ამას გააკეთებს, ძალიან კარგი, ამან შეიძლება საქმეს უშველოს, მაგრამ მეორეა - რამდენად მისცემენ მას საშუალებას - ყიფიანი უფრო მოქნილი აზროვნებით გამოირჩევა, მაგრამ ასე სწრაფად და მასობრივად ყველა ფრონტზე რაღაცეების შეცვლა მას ძალიან გაუჭირდება. ამას ემატება არჩევნები, არჩევნების მათი რიტორიკა დაფუძნებულია ევროსკეპტიციზმზე, კონსერვატიულ მმართველობებზე, ხალხის ომით დაშინებაზე და ა.შ. ახლა მიშას გაპრემიერების თემაც შემოაგდეს და ასეთი პროვოკაციები უკვე "ნაციონალური მოძრაობის“ სინდისზე იყოს.

"ოცნება“ ამ ყველაფერზე უარს თუ იტყვის, დიდი შანსია, რომ არჩევნებს წააგებს, ხელმოსაჭიდი აღარაფერი რჩებათ, ამიტომ, ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. საბოლოო ჯამში, მათ ასევე გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ თითქოს მართლა ყველაფერი გააკეთეს და ევროკავშირმა დაჩაგრა, მოსახლეობა უკვე კარგად ხედავს, რომ ევროპარლამენტში სულელები არ სხედან. მეორეც - აგენტების შესახებ კანონმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან მარტივად იგებს და უჭერს მხარს სწორ მესიჯებს და დაბნეულობით და რაღაცეებით მისი დამორჩილების დრო წავიდა, მათ რაციონალური პასუხები უნდა მიიღონ კითხვებზე. ევროპელებს და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს რაც შეეხებათ, მკაფიო მესიჯებით საუბარში მათ ესენი ვერ აჯობებენ იმიტომ, რომ ევროპული ცივილიზაცია სწორედ ამაზეა დამყარებული - რაციონალურ აზროვნებაზე და ძალიან მკაფიო, არა გადღაბნილ მესიჯებზე, როგორიცაა, მაგალითად, "გარეჯი საქართველოა", მშვიდობა, ომი გინდათ თუ არ გინდათ და სხვა. ეს ყველაფერი იმდენად ირაციონალურია, რომ ასეთ გაუგებარ მესიჯებზე აწყობილ პოლიტიკას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, მხარს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს. ჩვენს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენი ხალხი ისეთივე ბრიყვია, როგორიც რუსეთის მოსახლეობა აღმოჩნდა, რომელიც ისე მიდის ომში, როგორც "პინკ ფლოიდის“ "კედლის“ ვიდეოკლიპშია - პირდაპირ ხორცსაკებ მანქანაში რომ ხტებიან. შეიძლება იყოს ბრიყვების კატეგორიაც, ეს ყველგან არის, მაგრამ უნდა ვისაუბროთ, რა რაოდენობაა და რა დოზით. საქართველოს მოსახლეობა ასეთი ბრიყვი რომ იყოს, ევროკავშირში ინტეგრაციას 89% კი არ დაუჭერდა მხარს, იტყოდა, დსთ-ში ან ევრაზიულ კავშირში გვინდაო. ე.ი. როგორ გგონიათ, დღევანდელ გაზრდილ ინფორმაციულ ეპოქაში ასეთი ზედაპირული და გადღაბნილი მესიჯებით ვინმეს რამეს დაუმტკიცებენ?“