ავტორი:

აფხაზეთში, საზოგადოებრივ ადგილებში არასათანადო ჩაცმულობისთვის ადგილობრივები თუ ტურისტები დაჯარიმდებიან - გადაწყვეტილება 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება

აფხაზეთში, საზოგადოებრივ ადგილებში არასათანადო ჩაცმულობისთვის ადგილობრივები თუ ტურისტები დაჯარიმდებიან - გადაწყვეტილება 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადო ჩაცმულობის (შორტები, საცურაო კოსტიუმი) გამო, ჯარიმები დაწესდეს. კანონი ძალაში 1- ლი აგვისტოდან შევა და დამრღვევებს 6000 რუბლის (190 ლარი) ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ.

"ზაფხულში ჩვენთან ბევრი სტუმარი ჩამოდის და ზოგჯერ ჩვენი თანამოქალაქეებიც ქალაქში საზოგადოებრივ ადგილებში შეუფერებლად ჩაცმული დადიან. უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია საცურაო კოსტიუმებზე... ძალიან ხშირად ეს ნეგატიურად აღიქმება, როგორც არასწორი ქცევის მაგალითი. ეს ხშირად მიდის სერიოზულ კონფლიქტებამდე, ჩხუბამდე, რის შემდეგაც საჭირო ხდება სამართალდამცველების ჩარევა.

ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს აფხაზეთის კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას, ასევე ყველა ტურისტის დასვენების ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა სხდომაზე ე.წ. დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ.

კანონის თანდართულ განმარტებით ბარათში ნათქვამია:

"დამსვენებლებისა და ტურისტების დიდი რაოდენობით ყოფნა მნიშვნელოვნად ავსებს ჩვენს ბიუჯეტს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი, ახალგაზრდობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდა. ბევრი მიიჩნევს, რომ თუ კურორტზეა, მაშინ არ არის საჭირო ყურადღება მიაქციონ გარეგნობას და თავს უფლებას აძლევენ, საცურაო კოსტუმებით იარონ არა მხოლოდ პლიაჟებზე ან ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებშიც. მამაკაცები კი შორტებით დადიან, რომელიც შიშველ ტანზე აცვიათ. ეს ყველაფერი იწვევს არა მხოლოდ უფროსი თაობის, არამედ ადგილობრივი ახალგაზრდების აღშფოთებას, რადგან ჩვენს საზოგადოებაში არ არის მიღებული ასეთი ჩაცმა საზოგადოებრივ ადგილებში“.

კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. მაგრამ მისი ძალაში შესვლა 1 -ლ აგვისტომდე გადაიდო, რადგან ე.წ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოასწროს დამსვენებლების გაფრთხილება და ეს არ აღმოჩნდეს მათთვის სიურპრიზი.

ჯარიმა ემუქრება მათ, ვინც საცურაო კოსტიუმებით ან ნახევრად შიშველი გამოვა სანაპიროს გარეთ. არასათანადოდ ჩაცმა აიკრძალა ქუჩებში, სტადიონებზე, მოედნებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

ე.წ. ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შესახებ ტურისტებს სპეციალური სტენდებით ეცნობებათ.