აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა რაზმებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ფუზულის, ხოჯალისა და შუშას მიმართულებებით ცეცხლი გაუხსნეს.
"8 ივნისს, 11:25 საათიდან 18:40 საათამდე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, სომხური უკანონო შეიარაღებული რაზმები პერიოდულად ცეცხლს უხსნიდნენ ფუზულის, ხოჯალისა და შუშას მიმართულებებით განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა "ადეკვატური საპასუხო ზომები“ მიიღეს.
"გარდა ამისა, სომხური უკანონო შეიარაღებული რაზმების წევრები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საფარქვეშ ცდილობდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინ საფორტიფიკაციო ობიექტების აღმართვას აღდამის, ფუზულის, ხოჯავანდის, ხოჯალისა და შუშას რაიონების მიმართულებით. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად სამუშაოები დაუყოვნებლივ შეწყდა“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
სომხური მხარე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლის გახსნისა და საფორტიფიკაციო სამუშაოების შესახებ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.