საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში ორი პირი მიეცა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე, ბრალდებულებს მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს ამზადებდნენ, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი Adidas-ის და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ხსენებული ბრენდების დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც განკუთვნილი იყო კონტრაფაქციული საქონლის დასამზადებლად.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.