ავტორი:

რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი აცხადებს, რომ პრიგოჟინის "ვაგნერელებმა" დაატყვევეს და აწამეს - "რამდენიმე მებრძოლი გაიტაცეს. მათ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ..."

რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი აცხადებს, რომ პრიგოჟინის "ვაგნერელებმა" დაატყვევეს და აწამეს - "რამდენიმე მებრძოლი გაიტაცეს. მათ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ..."

სამი დღის წინ, PMC Wagner-ის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა რუსი სამხედროს, 72-ე მოტორიზებული ბრიგადის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ რომან ვინივიტინის ვიდეო, რომელიც, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა დააკავეს, მას შემდეგ, რაც "ვაგნერის“ მებრძოლებსა და რუს სამხედროებს შორის კონფლიქტი მოხდა. ვიდეოში ვინივიტინი ამტკიცებდა, რომ მისმა ქვეშევრდომებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც ისხდნენ დაქირავებული მებრძოლები, და რომ ამის განკარგულება თავად გასცა, მიზეზად კი "პირადი არაკეთილგანწყობა" დაასახელა. პრიგოჟინის მტკიცებით, ვინივიტინის ქვეშევრდომებმა დანაღმეს გზა, რომელზეც "ვაგნერელები“ გადაადგილდებოდნენ, სწორედ ეს გახლდათ მებრძოლის დაკავების მიზეზი. შემთხვევა სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში მოხდა.

ახალ ვიდეოში, რომელიც დღეს, "ტელეგრამის" ერთ-ერთ რუსულ არხზე გავრცელდა, ვინევიტინი ამბობს, რომ "ვაგნერის“ მებრძოლები აწამებდნენ და რომ ისინი რეალურად რუს სამხედროებს იტაცებენ. მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა "ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.

რომან ვინივიტინი:

"როგორ მოხდა ჩემი დატყვევება "ვაგნერის" მიერ? - მე ჩემს დანაყოფთან ვმოძრაობდი, როდესაც PMC-ის ოფიცრებმა გზა გადამიკეტეს. მათ ამის საფუძველი არ ჰქონდათ, რადგან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ვარ. ამის შემდეგ დამატყვევეს, სარდაფში ჩამიყვანეს და შეურაცხყოფა მომაყენეს. არ მაძლევდნენ დაძინების საშუალებას, ერთ ღამეში სამჯერ გამათრიეს და ჩემი მოკვლა სცადეს.

ჩემს ბრიგადას "ვაგნერელებთან" ჩვენი გადაყვანის პირველივე დღეებიდან ჰქონდა დაძაბულობა. PMC-მა ჩვენი მებრძოლების პროვოცირება მოახდინეს, დაემუქრნენ მოკვლით, მოიპარეს სამხედრო ტექნიკა. რამდენიმე მებრძოლი გაიტაცეს. მათ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ერთ სამხედროს, რომელიც ცივ სარდაფში ჩაკეტეს, თვალებში მჟავა შეასხეს, მერე ბენზინი გადაასხეს და დაწვით დაემუქრნენ. აპრილ-მაისში კიდევ ერთი მებრძოლი "დაამცირეს," რის შემდეგაც, მან თავი მოიკლა...

მცემდნენ, გარეთ არ მიშვებდნენ, ჩემი დაკითხვის პირველი ვიდეო, სადაც ბოდიშს ვუხდი "ვაგნერელებს", ჩემზე ზეწოლისა და ბულინგის შედეგია. სიმართლეა მხოლოდ ის, რომ მე ნამდვილად მაქვს პირადი ზიზღი ამ ჯგუფის მიმართ“, - განაცხადა რუსმა სამხედრომ.

მან ასევე უარყო ბრალდებები 72-ე ბრიგადის მიერ PMC "ვაგნერის“ გადაადგილების მარშრუტების დანაღმვის შესახებ.

"72-ე ბრიგადამ დანაღმა "ვაგნერის" გადაადგილების მარშრუტები? - ეს სისულელეა. ის ტერიტორიები არ ყოფილა "ვაგნერის" სამოძრაო ზონა, ის იყო 72-ე ბრიგადის პასუხისმგებლობის სფერო. ეს განცხადება არის "ვაგნერის" პიარსამსახურის მოგონილი და მოსკოვის რეგიონის ხელმძღვანელობაზე თავდასხმის მცდელობა”, - ამბობს ვინივიტინი.

თავის მიმართვაში ვინივიტინმა ევგენი პრიგოჟინი ასევე დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში და თქვა, რომ შეადგინა მოხსენება შოიგუსთვის, რომელშიც აღწერილია ის სისასტიკე, როგორც "ვაგნერელები" რუს სამხედროებს ექცევიან.

ცნობილია, რომ RDK-ის მოხალისეებმა შესთავაზეს ვინივიტინის გაცვლა ბელგოროდის რეგიონში დაკავებულ რუს ტყვეებზე, მაგრამ პრიგოჟინმა უარი თქვა. მოგვიანებით, "ვაგნერის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მან ვინივიტინი გადასცა რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებისთვის.

PMC "ვაგნერის" ხელმძღვანელობა ვინივიტინის განცხადებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

წაიკითხეთ ასევე: