უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა.
"სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში. საკოორდინაციო შეხვედრა კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციის თემაზე. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ: სტიქიის შედეგად ოლქში არსებული ოპერატიული მდგომარეობა, პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, ასევე, ოლქის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ოპერატიული სამხედრო მდგომარეობა ადამიანის ქმედებით გამოწვეული კატასტროფის ზონაში.
მნიშვნელოვანია ზარალის დათვლა და თანხების გამოყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებული მაცხოვრებლების კომპენსაციისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქში მინიმუმ 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიტბორა.