"ახლახან ვითამაშე "ჰედა გაბლერი", 10 ივნისს მაქვს სპექტაკლი "12 განრისხებული მამაკაცი". მერე კი მუშაობას სერიალზე გავაგრძელებ" - გვეუბნება რუსთაველის თეატრის მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი, რომლისთვისაც მიმდინარე თეატრალური სეზონი რამდენიმე დღეში დაიხურება.
ის რუსთაველის თეატრის საყვარელ კედლებს ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 2 წლის წინ დაუბრუნდა. როგორი იყო მისთვის თეატრის მიღმა ცხოვრება, რას ფიქრობს საკუთარ სამსახიობო კარიერასა თუ პირად საკითხებზე, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.
- მალხაზ, კარიერის მანძილზე პროფესიული ჩანაფიქრი რამდენად განახორციელეთ. კმაყოფილი ხართ, თუ მეტის გაკეთება შეიძლებოდა?
- ცხადია, კიდევ ბევრის გაკეთება იყო შესაძლებელი, მაგრამ მსახიობის ცხოვრებას მაინცდამაინც თანმიმდევრულობა არ ახასიათებს. შეიძლება ბევრი საინტერესო როლი ითამაშო, მაგრამ იქიდან დასამახსოვრებელი არცერთი იყოს ან ითამაშო ერთი, და ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს...
- მსახიობების უმეტესობას უნდა, რომ სცენაზე შექსპირის ჰამლეტი ითამაშოს... თქვენი საოცნებო როლი რა იყო?
- მსახიობებს, ალბათ, აქვთ საოცნებო როლები და სავალდებულო არ არის, შექსპირის პიესაში ითამაშოს. არასდროს მიფიქრია, ჰამლეტი მეთამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟი ჩემთან ახლოს იყო. ის თითქმის ყველაშია, რადგან კლასიკაა... მასში ყველა ხედავს საკუთარ თავს და სულიერ მდგომარეობას... ისე, როლი ბევრია, რომლის თამაშიც უნდათ. ყველას სურს, იყოს გმირი... ძალიან მაინტერესებდა უარყოფითი როლები, ასევე სახასიათო გმირებიც...
- რეჟისორები ამას თქვენში ვერ ხედავდნენ?
- როგორ არა, თეატრში რაღაცები მაქვს ნათამაშევი. უბრალოდ, ჩვენი თაობის მსახიობები არ ვიყავით განებივრებული კინოთი და ბევრი სერიალით. პროფესიულ საქმიანობას მაშინ შევუდექით, რასაც ფაქტობრივად, მალევე მძიმე 90-იანი წლები მოჰყვა, რომელმაც ბევრი რამ შეაფერხა... დავამთავრე დრამისა და კინოს ფაკულტეტი, მაგრამ თეატრში მეტად ვითამაშე და უფრო დიდხანს დავყავი...
2000-იანებში უკვე იმ მხრივ გამიმართლა, რომ სერიალში მოვხვდი და რამდენიმე წელი კამერების წინ ვითამაშე. გამოცდილება მივიღე და მაგარ არტისტებთან მომიწია პარტნიორობა. თუმცა რამდენიმე ფილმშიც გადამიღეს, ძალიან საინტერესო რეჟისორებთან, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. საერთოდ, მსახიობი სულ გამოწვევების წინაშე ხარ და ძიების პროცესში. არის აღმავალი და დაღმავალი პერიოდები. არის დიდი პაუზაც, არ ვარ უკმაყოფილო, სამუშაო საკმარისად იყო. თითქმის თეატრში ვცხოვრობდი, რეპერტუარში ყველა სპექტაკლში ვიყავი. სპექტაკლები ყოველდღე ანშლაგებით მიდიოდა.
- თუმცა ხანგრძლივი პაუზა მაინც გამოგივიდათ - თეატრს 10 წლის შემდეგ დაუბრუნდით... საყვარელი თეატრის დატოვება, ალბათ, მტკივნეული აღმოჩნდა...
- წარმოიდგინეთ, დედას რომ შვილი წაართვა - ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდა. ძალიან დიდი სტრესი იყო, როცა თეატრში არ ვიყავი. იმ წლების მანძილზე ალბათ შესაძლებელი იყო, ბევრი საინტერესო როლი შემექმნა... აქ ჩემს თავს იმაში ვადანაშაულებ, რომ რაღაც არასწორად ვიმოქმედე...
- ის 10 წელი როგორ ცხოვრობდით? სხვა თეატრისთვის არ შეგითავაზებიათ თქვენი თავი?
- მსგავსი მცდელობა არ მქონია, უბრალოდ, ჩვენს პროფესიაში სხვანაირი ერთგულებაა. ცოტა უხერხულიც იყო, სხვა თეატრში წავსულიყავი. თან მაშინ ასე არ იყო, დღეს უკვე მსახიობს შეუძლია სხვადასხვა თეატრში ითამაშოს.
- მოკლედ, კარიერის მანძილზე თეატრალურმა ინტრიგებმა გვერდი მაინც ვერ აგიარათ...
- ინტრიგები სულ არის და მაგას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩვენ ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი - ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება... მართლაც ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, რისთვისაც მზად უნდა იყო. სულ გამოწვევებია და სულ განსაცდელის წინაშე დგახარ. განსაცდელიც უნდა გაიარო და გადალახო...
თუმცა უთეატროდ ყოფნას საშინელი დეპრესია და ტკივილიც ახლდა, ბევრი ფიქრი, ანალიზი, სევდა. ცუდია, როცა დროს კარგავ. ამ გადასახედიდან როცა ვფიქრობ, რამდენი რამ შეიძლებოდა, გამეკეთებინა, მაგრამ, როგორც ვთქვი, ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ შეცდომებს, არასწორ ქმედებას და გადადგმულ ნაბიჯებს... გადასალახი თვითონ უნდა გადალახო და სწორედ ამ გადალახვამ დამაბრუნა თეატრში. ვერაფრით მივიდოდი, რომ არა ბატონი რობერტის შეთავაზება. მან დამაბრუნა... ემოცია კი ასეთი იყო - საიდანღაც დიდი ხნის წასული ოჯახში რომ ბრუნდები...
- რას აკეთებდით იმ 10 წლის განმავლობაში?
- მანამდე მქონდა აქტიური ცხოვრება, სულ ფეიერვერკები, საოცარი დღეები და უცებ პაუზა გაჩნდა, გამოსავლის ძებნა დავიწყე. ვცდილობდი, არ გავჩერებულიყავი, მემოქმედა, გადამედგა ნაბიჯები. ჯერ ერთი, ოჯახის პატრონი რომ ხარ, ვალდებული ხარ, იმოქმედო. ჰოდა, რაღაცები გავაკეთე - კარაოკე ბარი, რესტორანი... კარგი სახელი მოიხვეჭა, ყველაფერი გადასარევად იყო. დიდი გამოცდილებაც მივიღე. ბევრი ადამიანიც გავიცანი - კარგიც და ცუდიც... ჩემი პატარა სცენაც კი გავაკეთე, თავის ფარდით, მოვაწყვე მინი თეატრი. ხალხი მოდიოდა, კარგი საღამოები იმართებოდა. არ ვჩერდებოდი, საოცარი შემოსავალი არ იყო, მაგრამ არსებობის წყარო მაინც გამიჩნდა. უმოქმედოდ დავიღუპებოდი. ასეთი გამოსავალი ვიპოვე.
- მასობრივად მაინც სერიალიდან "ძილის წინ" გაგიცნეს. თქვენი პერსონაჟი - გიო ცერცვაძე ხალხმა შეიყვარა...
- კი, ჩემი პერსონაჟის მიმართ რაღაცნაირი სიყვარული გაჩნდა, ამის ფონზე უკვე ჩემი პიროვნების მიმართაც. ქუჩაში მაჩერებდნენ, ყველგან მიწვევდნენ, თბილად მხვდებოდნენ, სკოლებში ბავშვებთან მქონდა შეხვედრები. ქუჩაში რომ გამომელაპარაკებოდნენ, საკუთარ გასაჭირზე, პრობლემებზე ყვებოდნენ. ვიღაცებს ვეხმარებოდი... მეგობრები სულ წუხდნენ, შენთან ერთად წამოსვლა აღარ შეიძლება, ჩვენთან არ ხარო. ხალხი სულ თან დამყვებოდა... შესაბამისად ყოველ სერიას ელოდებოდნენ. სამწუხაროა, რომ იმ სერიალის კადრები არ არის შემორჩენილი. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ მივაგენი. ერთი კლიპიც გაქრა, რომელიც ლაშა ცერიაშვილმა საახალწლო პროექტისთვის გადაიღო. ლილიკო ნემსაძემ სიმღერა დამიწერა. მე ვმღერი და გოგოლა კალანდაძე ცეკვავდა...
- თუკი პირად საკითხებსაც შევეხებით, ისე მოხდა, რომ მრავალცოლიანი აღმოჩნდით... ესეც მუდმივად პრესის განხილვის თემა იყო...
- იმ დღეს ჩემი ცოლი ამბობდა, შენზე მეტი ცოლი რამდენს ჰყავდა, არ მესმის შენი ცოლები რა გაუკვირდათო? სამი ცოლი მყავდა. მართლაც, ამაზე მეტი ჰყოლიათ. ამ განხილვებზე არანაირი რეაქცია არ მაქვს, რადგან ანალიზის უნარი გამაჩნია და „გატარებისაც“... მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ, არ ვბრაზდები. ესეც ჩვეულებრივი ამბავია, არიან ინტერესიანი ადამიანები, ვისაც ასეთი საკითხები აინტერესებთ. ესეც რომ არ იყოს, როცა ვიღაც პოპულარულია, მის ირგვლივ ბევრი რამ აინტერესებთ, მათ შორის, პირადი თემებიც.
სამი ცოლისგან სამი შვილი მყავს - უფროსი ლიკა 30 წლის არის, დღე-დღეზე მეორე შვილის დედა გახდება. ჩემი მეორე შვილი ლუკა 17 წლის არის, ანდრია მე-12 წელიწადში. უფროსი შვილიშვილი 8 წლის გახლავთ. ჩემს ამჟამინდელ მეუღლეს ხათუნა ფეიქრიშვილს ჰყავს ერთი შვილი და 2 შვილიშვილი, კირა და ალექსანდრე - ისინიც ჩვენი შვილიშვილები არიან. ყველანი შეხმატკბილებულ ოჯახად ვცხოვრობთ.
მე და ხათუნა უკვე 6 წელია, ერთად ვართ. ჩემი შვილები ერთმანეთზე და ხათუნაზე გიჟდებიან, ხათუნასაც ყველა უყვარს. პოზიტიური ადამიანია, ამიტომ ბავშვები მის გარშემო კარგად არიან. ცხოვრებაში შეცდომები დამიშვია, თუ არა, ეს საკითხი იქ გაირჩევა, როცა უფალთან წარვდგები... ხანდახან ვფიქრობ, არც ისეთი ცოდვილი ვარ-მეთქი, ძალიან მომეთხოვოს, რადგან ისე არ მიცხოვრია. მე და ჩემი ძმა ისეთმა დედამ გაგვზარდა, თავიდანვე ისეთ სიკეთეს გვაზიარა, ცხოვრებაში ცუდი არავისთვის გვნდომებია. კი, ღირსეულად და სიკეთით გვზრდიდა... დანარჩენი ღმერთის განსასჯელია. არასდროს მდომებია რომელიმე ოჯახის დანგრევა, ვინმესთვის გულისტკენა...
საერთოდ, 2 ადამიანის ურთიერთობა გარეთ ვერასდროს გავა და ვერავინ გაიგებს. მაგრამ სამწუხაროდ, სხვები თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ გარეთ განიხილონ. არასდროს დავინტერესებულვარ ვიღაცის ამბებით, რაში მაინტერესებს?!. ბედნიერი ვარ, რომ შვილების დედები ძალიან მაგარი ქალები იყვნენ. ყველა ღირსეული, სიკეთით სავსე, გადასარევი ადამიანი და ოჯახისშვილია. ჩვენ ურთიერთობას ოჯახებით ვინარჩუნებთ.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, რაც თქვენი ამჟამინდელი მეუღლე ხათუნა ფეიქრიშვილი გამოჩნდა?
- თითქოს თავიდან და უფრო მეტი სტიმულით, შემართებით დავიწყე ბევრი რამის გაკეთება. შეიძლება ხათუნა იმ მომენტშიც გამოჩნდა, როცა საჭირო იყო, რომ გამოჩენილიყო. იმდენად მარტო ვიყავი, რომ მისი მოსვლა აუცილებელი იყო. თითქოს ღმერთმა სპეციალურად გამომიგზავნა, რომ გადავრჩენილიყავი... მოკლედ, ხათუნამ ჩემი გული და სული დაიპყრო...
- ცხოვრებას ახლა რომ იწყებდეთ, რამეს შეცვლიდით?
- მიფიქრია ამაზე... ბევრ რამეს შევცვლიდი... ბევრ რამეს მოვითმენდი, ბევრ რამეს სხვანაირად გავაანალიზებდი. რაღაცებს შევცვლიდი - გინდა - თეატრში, გინდა - ინსტიტუტში, მეტს და საინტერესოს გავაკეთებდი. მინანია, რომ არ გავრისკე და საზღვარგარეთ არ წავედი. გული მწყდება, რომ არ წავედი, როცა მე და ჰოლივუდში უკვე ცნობილმა დათო ბახტაძემ ეს ერთად გადაწყვიტეთ. ის წავიდა და მე ვერ გავრისკე. ამაში ოჯახმა ითამაშა დიდი როლი, ბავშვი პატარა მყავდა და ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. ჰო, ვერც თეატრს ვუღალატე. ამ გადასახედიდან, როცა უკვე მალე 60 წლის უნდა გავხდე. გულით, ფიქრებით, აზროვნებით ვცდილობ, თანამედროვე ვიყო. შვილებთან ძმაკაცურად და მეგობრულად ვარ.
ცუდი ის არის, რომ ბოლო წლებში დედის გარდაცვალებამ დიდი დარტყმა მომაყენა. სანამ დედა ცოცხალია, მისთვის სულ ბავშვი ხარ... როცა დედა აღარ არის, შენ ხდები თავის ბატონ-პატრონი... ისიც ძნელია, როცა ადამიანს ვერ შველი... ალბათ, რაღაცებზე დედას გული ვატკინე, რასაც ვნანობ... მაგრამ მყავს ადამიანები, ვისი ცხოვრებისთვისაც უნდა ვიცხოვრო და კიდევ ბევრი გავაკეთო...