ავტორი:

"გზადაგზა ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც მუხლამდე წყალში ცხოველების გადარჩენას ცდილობდნენ" - რა ხდებოდა კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ: ხერსონელების ნაამბობი

"გზადაგზა ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც მუხლამდე წყალში ცხოველების გადარჩენას ცდილობდნენ" - რა ხდებოდა კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ: ხერსონელების ნაამბობი

მეორე დღეა მთელი მსოფლიო შიშით ადევნებს თვალს კახოვკის ჰესის გარშემო განვითარებულ პროცესებს. უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ჰესის კაშხლის აფეთქებასა და ომის დანაშაულის განზრახ ჩადენაში ადანაშაულებენ. კრემლმა ჯერ მომხდარი უარყო, შემდეგ კი აფეთქებაში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა, იმ მოტივით, რომ უკრაინამ ეს მოსალოდნელი კონტრშეტევიდან ყურადღების გადატანისთვის გააკეთა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ზოგი ე.წ. ოფიციალური პირი აცხადებს, რომ კაშხალი თავად ჩამოიშალა...

საერთაშორისო სპეციალისტების მოსაზრებით, კაშხლის განადგურება საომარ ზონაში ჰუმანიტარული კატასტროფის კიდევ ერთ მასშტაბურ კერას ქმნის. ადგილობრივების მოსაზრებით, რუსეთმა ეს უკრაინული კონტრშეტევის წინ, დროის გასაყვანად გააკეთა.

  • ადგილობრივი ოქსანა ბრატჩუკი წერს, რომ მაშინ, როდესაც ხერსონის გათავისუფლებული ნაწილი რუსი სამხედროების მიერ იყო ოკუპირებული, არაერთხელ უთქვამთ, რომ იქაურობა ან მათი იქნებოდა, ან ყველასთვის გამოუსადეგარი, რადგან რუსული მხარე მას არ დათმობდა...

მისივე თქმით, ადგილობრივების ომს, სროლებსა და აფეთქებებს შეჩვეული არიან, მაგრამ 6 ივნისის დილით, როდესაც განგაში გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ რუსეთის ბოროტებას საზღვარი არ აქვს...

"80-მდე დასახლება დაიტბორა. რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მოხუცები, რომელთაც სახლი რუსების ოკუპაციის დროსაც კი არ დაუტოვებიათ, მოხალისეებმა გამოიყვანეს. უამრავი მათგანის მდგომარეობა, ამ ომის დროს, სტრესის, მძიმე დღეების შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა. მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს არ ვგულისხმობ - ბევრმა ჩვენგანმა იქ საფლავები დატოვა, შვილები, ოჯახის წევრების, ახლობლების საფლავები, რომელიც დაიტბორა. ვისაც ეს არ გამოუცდია, წარმოუდგენელია მიხვდეს, რას განვიცდით.

ევაკუაცია რომ დაიწყო, გვითხრეს, რომ წყლის ნაკადი ძალიან სწრაფად მატულობდა და სახლებიდან მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა წამოგვეღო, ერთი მომცრო ჩანთა ავიღე, რადგან მეტი დრო არ იყო... დედებმა ვერ შეძლეს თავიანთი გმირი შვილების საფლავზე მისვლა, რათა უკანასკნელად გამოსთხოვებოდნენ. ყველას, ვინც ენამოჩლექით ლაპარაკობს რუსეთზე და უჭირს მისთვის ტერორისტი სახელმწიფოს სტატუსის წოდება, ვურჩევ, ჩვენს ხალხს მოუსმინოს და მიამიტი ეჭვები საბოლოოდ გაეფანტება..." - ამბობს ოქსანა ბრატჩუკი.

  • ვერა დიდის თქმით, რომელიც კორაბელის დასახლებაში ცხოვრობს, რამდენიმე ათასი ადამიანი ჟიტომირში გადაიყვანეს. ადგილობრივებმა 4 ათასზე მეტი ადამიანის დაბინავება შეძლეს. თუმცა, ეს ალბათ, დროებითი ადგილი იქნება და იქიდან სხვაგან გადაანაწილებენ...

"დაზარალებულებს, სავარაუდოდ, სხვა ადგილებში გადაიყვანენ, რადგან მათ სხვებიც მიემატებიან. ევაკუაცია ეტაპობრივად განხორციელდა, სახიფათო ზონების მიხედვით... მაშინვე გათიშეს გაზი. ჩემს სახლში წყალი უკვე მუხლებამდე იყო, სხვაგან ფანჯრებიდან გადმოდიოდა. მეგონა, ამ წელიწადი და 4 თვის განმავლობაში, ყველაფერი ვნახე, მაგრამ ის კადრები მთელი ცხოვრება გამყვება.

შინაური ცხოველები საევაკუაციო ავტომანქანებსა და ავტობუსებს მოსდევდნენ, ისე, როგორც ეს ფანტასტიკურ დრამებში გვინახავს. მართლაც სამყაროს დასასრული მეგონა ყველაფერი. გზადაგზა ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც მუხლამდე წყალში, თავიანთ შინაურ ცხოველებს ერეკებოდნენ. ძაღლების, კატებისა და სხვა ცხოველების გამოსაყვანად, ჩვენი პოლიცია და მოხალისეები შებრუნდნენ. მათი ნაწილი, რომლებიც გზის პირებზე იპოვეს, გადაარჩინეს... მთლიანად განადგურდა ზოოპარკი, რომელიც ზამთარში ოკუპანტების რამდენიმეთვიან, უმძიმეს შეტაკებებს გადაურჩა. ჩვენი ზოოლოგები ამბობენ, რომ განადგურების პირას არის ენდემური ჯიშები, მათ შორის მცენარეები, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. ცხოველები, რომელთაც ცურვა არ შეუძლიათ, დრონებით გადაღებულ კადრებში დახოცილი იპოვეს. რადგან ტყის რამდენიმე ათეული ჰექტარი დაიტბორა, ის კი, მხოლოდ უკრაინას არ ეკუთვნის, ბუნება, ერთ ქვეყანას კი არა, მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეკუთვნის...

რუსეთთან ომი, მხოლოდ ტყვიის სროლა არ არის, თუმცა ვიღაცები მაინც გვერდს უვლიან სიმართლეს, არ ვიცი, კიდევ რა უნდა გააკეთოს სამხედრო დამნაშავე პუტინმა და მისმა გუნდმა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. ამასობაში კი, კუთხეში მიმწყვდეული ურჩხული კუდს იქნევს და შხამს ანთხევს. იცის, მისი დასასრული შორს არ არის, მაგრამ იქამდე ცდილობს მეტი ზიანი მოგვაყენოს" - მიაჩნია მას.

წაიკითხეთ ასევე: