27 წლის მარიტა მაზიაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა დააკავეს მისი ყოფილი მეუღლე 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი.
გარდაცვლილი ქალის ახლობლების თქმით, მარიტა მეუღლეს დაახლოებით 7 წლის წინ დაშორდა. გარდაცვლილს 11 წლის გოგონა დარჩა.
"დაიკარგა, 2-3 დღე გაუჩინარებული იყო. ახლობლები ეძებდნენ. გლდანის ციხეებთან იპოვეს მოკლული. მარიტა მშობლებთან ერთად თემქაზე ცხოვრობდა ქირით, მამა შარშან დაეღუპა და დედა ემიგრაციაში წავიდა. სახლი ჰქონდათ, მაგრამ ვალი დაედოთ და გაყიდეს. ერთი გოგო ჰყავს, იმასთან ერთად ცხოვრობდა. გაშორებულები ყოფილან და თუ არ უნდოდა ეს გოგო, რაღას მოკლა." - ამბობს გარდაცვილის ახლობელი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ: