იქ იყო 45 ლიდერი და აქედან შეიძლება 5-6-მა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ 10-მა და ეს იყო. იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მიესალმნენ ის და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მოლდოვაში გამართულ ფორუმზე.
"ძალიან მარტივად იყო საუბარი. თქვენ, რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ის ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი არ ხდებოდა განსაკუთრებული. იქ იყო 45 ლიდერი და აქედან, შეიძლება, 5-6-მა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ 10-მა და ეს იყო. იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ, ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: საშუალება, რომ ჰქონოდა, რას ეტყოდა ის პრეზიდენტ ზელენსკის, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მიესალმებოდა.
„მივესალმებოდი ჩვეულებრივ. მე საჯაროდ მითქვამს და გავიმეორებ - ჩვენ უკრაინას ვუსურვებთ ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“, - აღნიშნა პრემიერმა.