საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სტადიონი დაათვალიერა, რომელიც უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს დეტალურად გააცნო გაწეული სამუშაოები.
სტადიონზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე.
კაპიტალური რეაბილიტაციის შედეგად, თავიდან მოეწყო საინჟინრო სისტემები - გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების. სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით, როგორიცაა სივრცეები სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისთვის და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებასა თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის.
საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. განხორციელდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია. გამოიცვალა ბალახის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და 3 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე 1 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე საგურამოში.
აშენდა ახალი საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონები -1 სტადიონი წყალტუბოში, 1 - ქობულეთში და 2 - ბათუმში. აბსოლუტურად ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ყველა სტადიონისთვის ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა შეასრულეს. თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონები, ასევე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა. უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.