უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.
"ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები“, - განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.
მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი.
პროკუდინის ინფორმაციით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მისი ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს.
ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრას გამართავს.
"მათ არცერთი მეტრი მიწა არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით" - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეკოციდად აფასებს.
"კახოვსკას ჰესი. რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაული. პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს კრებს. ეს არის ეკოციდი. რუსები პასუხისმგებლები იქნებიან ხერსონის ოლქის სამხრეთით და ყირიმში ადამიანებისთვის სასმელი წყლის შესაძლო წართმევაზე, დასახლებების ნაწილისა და ბიოსფეროს შესაძლო განადგურებაზე“, - დაწერა ერმაკმა „ტელეგრამზე“.