სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც რამდენიმე შავი ჯიპი ჩანს რუსული სანომრე ნიშნებით.
როგორც კადრებში ჩანს, ავტომობილები ერთად, ესკორტად გადაადგილდებიან. მანქანის ნომრები რუსულია.
გავრცელებული ინფორმაციით, კადრები 2 ივნისსაა გადაღებული ტაბახმელასა და ბათუმში, ხოლო ავტომობილების საშუალებით ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაკავშირებული პირები გადაადგილდებოდნენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, აღნიშნული მანქანები ლარსიდან შემოვიდნენ და საქართველოს გავლით თურქეთში გადავიდნენ. ჩვენს ქვეყანაში კი ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. უცნობია, კონკრეტულად ვინ გადაადგილდებოდა აღნიშნული ესკორტით, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს რამზან კადიროვთან დაახლოებულ ჩეჩენ ბიზნესმენს.
Ambebi.ge დაუკავშირდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუმცა ჯერჯერობით, ჩვენს ზარებს არც ერთ უწყებაში არ უპასუხეს.