ავტორი:

"ძმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - შსს ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

"ძმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - შსს ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

აჭარაში 35 წლის მამაკაცმა 30 წლის ძმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა - 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109- ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.