ავტორი:

ედგარს რინკევიჩსი ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს - როგორია ამ თანამდებობაზე პირველი ღიად გეი პოლიტიკოსის გზა

ედგარს რინკევიჩსი ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს - როგორია ამ თანამდებობაზე პირველი ღიად გეი პოლიტიკოსის გზა

ლატვიის პრეზიდენტად მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვეტერანი ლატვიელი პოლიტიკოსი, ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს. მას ლატვიის სეიმის 52-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ლატვიაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს ღია კენჭისყრით: არჩევის პროცესი კი მანამდე გრძელდება, სანამ ერთ-ერთი კანდიდატი არ მიიღებს 51 ხმას მაინც. კენჭისყრის მესამე ტურში სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა 52 ხმა მოიპოვა.

"ბევრის თქმა არ მინდა, უბრალოდ მსურს ვუთხრა იმ პატარა ბიჭებს და გოგოებს, რომლებიც ოცნებობენ გახდნენ პრეზიდენტები, ჰოკეის მოთამაშეები თუ სხვა და ფიქრობენ, რომ ეს შეუძლებელია... თუ ოცნებებიდან ქმედებებზე გადახვალ და ცდილობ შუშის გატეხვას, წარმატებას მიაღწევ", - თქვა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.

მხარდამჭერი პოლიტიკოსები ხაზს უსვამდნენ მის პოლიტიკურ გამოცდილებას და ერთგულებას დასავლური ღირებულებებისადმი. ოპონენტები კი ედგარს რინკევიჩსის სექსუალური ორიენტაციით აპელირებდნენ. რინკევიჩსი ღიად გეი პოლიტიკოსია. ქვეყანაში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის ლეგალიზებული, მისი გაპრეზიდენტება შესაძლოა, პრობლემა ყოფილიყო,

თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

  • რინკევიჩსის პოლიტიკური გზა

1990-იანი წლების დასაწყისში ედგარს რინკევიჩსი მუშაობდა ლატვიის რადიოში ჟურნალისტად. შემდეგ 13 წელი გაატარა თავდაცვის სამინისტროში, იყო სახელმწიფო მდივანი, რაც ლატვიის სამინიტროთა ბიუროკრატიულ სისტემაში უმაღლესი თანამდებობაა. სწორედ ამ პერიოდში წარმოადგენდა რინკევიჩსი ლატვიას ნატოში გაწევრების მოლაპარაკებებში.

2008 წელს პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა, 2011 წელს კი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა.

ლატვია საპარლამენტო რესპუბლიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს შედარებით მცირე ძალაუფლება აქვს. თეორიულად, მას შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა ქვეყნის ისტორიაში - 2011 წელს.

პრეზიდენტი არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ის წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე და აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ედგარს რინკევიჩსი საქართველოს არაერთხელ სწვევია. ერთ-ერთი ვიზიტის ფარგლებში ის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისშიც იმყოფებოდა.

რინკევიჩსი ატიურია საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

"გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე. ყველას გაახსენდა, რომ უკრაინასა და საქართველოს მიეცათ ნატო-ს წევრობის დაპირება. ახლა კითხვა არის, რა სახის პოლიტიკურ გეგმას ვსახავთ ამ დაპირების განსახორციელებლად, რომელიც გაიცა აქ, ბუქარესტში, 14 წლის წინ. მთავარი გზავნილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის იქნება, რომ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ სტაბილურობის გაძლიერებაში, რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა 2022 წელს ბუქარესტში.