ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელში გამართული შეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
"მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვედრები გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე და ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"პირობას ვერ დავარქმევ, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურსულა ფონ დერ ლაინმაც, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე [ევრო] პარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შეგვიძლია მოვიქცეთ ცუდად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.