გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე. ის ბოლო წლების განმავლობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფოტორეპორტიორად მუშაობდა. მისი კოლეგების ცნობით, ზურაბ ქურციკიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბოლო რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ზურაბ ქურციკიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის "პრესფოტოს" სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.
პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მათ სააკაშვილის ხელისუფლება 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.