ავტორი:

"ახალგაზრდა ამომრჩევლების დიდ ნაწილს ერდოღანის შეცვლა სურს..." - ორი ტური მორიგი გამარჯვებისთვის და 20 წელი თურქეთის მართვის სადავესთან

"ახალგაზრდა ამომრჩევლების დიდ ნაწილს ერდოღანის შეცვლა სურს..." - ორი ტური მორიგი გამარჯვებისთვის და 20 წელი თურქეთის მართვის სადავესთან

28 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც რეჯებ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუზე 2 მილიონით მეტი ხმა მოიპოვა.

კენჭისყრის ორგანიზებასა და ხმების დათვლასთან დაკავშირებით სერიოზული პრეტენზია არ ყოფილა, თუმცა ოპოზიცია არჩევნებს თავისუფლად არ მიიჩნევს, რადგან თურქეთში საარჩევნო კომისია და სასამართლოები ფაქტობრივად, პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია, შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, ხელისუფლების ოპონენტები კი ციხეში არიან.

ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ საჯარო ადმინისტრაციის წარუმატებლობა, რომელიც გამოაშკარავდა ბოლო დამანგრეველი მიწისძვრით და ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისით, აიძულებდა ამომრჩეველს უპირატესობა ახალი კანდიდატისთვის მიენიჭებინა.

ორი კვირის წინ გამართულ პირველ ტურში ერდოღანს გამარჯვებისთვის ნახევარი პროცენტი აკლდა, მეორე ტურში კი ხმების 52%-ზე მეტი მიიღო.

ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას დემოკრატიისთვის თურქეთში. "ბოლო წლების ყველაზე უსამართლო არჩევნები“ - ასე შეაფასა მან საარჩვენო პროცესი.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ერდოღანს გამარჯვებას ხმის დათვლის დასრულებამდე ულოცავდნენ, მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

"ძვირფასი მეგობრისადმი" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გზავნილის შემდეგ, ერდოღანმა მილოცვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგანაც მიიღო.

მოგეხსენებათ, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რის პარალელურადაც, ერდოღანი ავითარებს კავშირებს ახლო აღმოსავლეთთან, მისი არმია იბრძვის სირიაში. ის სულ უფრო მეტად თანამშრომლობს რუსეთთან, განსაკუთრებით გაზისა და ატომური ენერგიის სფეროში.

რუსეთ-უკრაინის ომში ერდოღანი შუამავლის როლის შესრულებას ცდილობდა. ის ეხმარებოდა რუსეთს სანქციების გვერდის ავლით და ამავდროულად აწვდიდა უკრაინას თურქულ დრონებს, აწყობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებებს და მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლაში.

როგორც ცნობილია, ერდოღანმა არჩევნებში არც ისე დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რამ გამოიწვია ოპოზიციის დამარცხება და აწყობს თუ არა ევროპას ერდოღანის გამარჯვება? ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ევროპის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი მჭედლიშვილს ვესაუბრეთ:

- ერდოღანმა დაახლოებით იგივე სხვაობით გაიმარჯვა, როგორც პირველ ტურში, როდესაც განსხვავება იყო 4.6%, მეორე ტურში კი დაფიქსირდა 4.3%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პირველ ტურში სხვა კანდიდატების მომხრე ხმები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. ასევე უნდა ითქვას, რომ 2014 და 2018 წლის არჩევნებში ერდოღანმა 52-53%-ით მოიგო. ამ ეტაპზე რთულია ერდოღანის პოპულარობის დაქვეითებაზე ლაპარაკი, თუმცა დემოგრაფიული ტენდენციები მის საწინააღმდეგოდ მუშაობს, რამეთუ ახალგაზრდა ამომრჩევლების დიდ ნაწილს ერდოღანის შეცვლა უნდა - არა იმიტომ, რომ, მაგალითად, ქილიჩდაროღლუს ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსის მხურვალე მხარდამჭერები არიან, არამედ იმიტომ, რომ მიაჩნიათ, რომ დემოკრატიული მმართველობა ცვლილებებს მოითხოვს. თანაც, ახალგაზრდა ელექტორატი უფრო სეკულარული და შესაბამისად, ნაკლებად რელიგიურია, რაც ხშირ შემთხვევაში ერდოღანისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს.

თურქეთში ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობაა. თუკი ის შეძლებს ინფლაციის შემცირებას და ეკონომიკურ შემობრუნებას, მისი რეიტინგი ამაღლდება და ალბათ, არაერთი დღევანდელი სკეპტიკოსი შეიცვლის დამოკიდებულებას.

პოლიტიკურ ევროპაში რამდენიმე მოსაზრება არსებობს: ზოგს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ერდოღანი ბლოკავს შვედეთის ნატოში გაწევრებას. ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების და ცალკეული ქვეყნების ლიდერების მხრიდან (გერმანია, საფრანგეთი) არაერთხელ გაკეთდა კრიტიკული განცხადებები მის არადემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებით, რაც ირიბად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ისურვებდა უფრო პროევროპელი ქილიჩდაროღლუს გამარჯვებას.

თუმცა, არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ევროკავშირს უფრო "უადვილდება" ერდოღანთან ურთიერთობა, რადგანაც ადვილად იძებნება საბაბი თურქეთის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგ. ქილიჩდაროღლუს გამარჯვების და შესაძლო დემოკრატიული ცვლილებების ფონზე ევროკავშირის ლიდერებს ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ თურქეთის ევროკავშირში არმიღება - და რადგანაც ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ უნდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრნება (საბერძნეთი და საფრანგეთი პირველ რიგში), მათ ურჩევნიათ ნაკლებად დემოკრატიული და ნაკლებად პროდასავლურ ერდოღანთან საქმის დაჭერა“.

შეგახსენებთ, ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლის აგვისტოდან. მანამდე, 2003-2014 წლებში, ის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო.

ავტორი: ანი შავიშვილი