სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.
უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 28 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.